ქართველები უცხოეთშიხელოვნება

პარიზში ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება (ვიდეო)

2020 წლის 25 სექტემბერს პარიზის უძველეს და მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ საკონცერტო დარბაზ L’Olympia-ში დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება.

ბრიტანელმა მომღერალმა, წარმოშობით ქართველმა ქეთი მელუამ მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო და უკვე 7 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი. იგი ახალ, მე-8 ალბომს პარიზში წარდგენს. ამ ალბომში შედის სიმღერა YOUR LONGING IS GONE, რომლის ვიდეოკლიპიც აჭარაშია გადაღებული.

ქეთი ქუთაისში დაიბადა, შემდეგ თბილისსა და ბათუმში ცხოვრობდა. 1993 წელს ქეთის მამამ მოწვევა მიიღო ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტის ერთ-ერთი კარდიოლოგიური კლინიკიდან და იმავე წელს ოჯახი საცხოვრებლად ჩრდილოეთ ირლანდიაში გაემგზავრა. მოგვიანებით, 1998 წელს ქეთისთან ერთად ოჯახი ინგლისში, რედჰილში გადასახლდა.

საქართველოსა და ბელფასტში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ქეთის სამომავლო გეგმები ხან ისტორიკოსობას, ხან კიდევ პოლიტიკოსობას უკავშირდებოდა, თუმცა მისი მომავალი ძირეულად შეიცვალა 2000 წელს, როდესაც 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ს მიერ ჩატარებულ კონკურსში, სახელწოდებით „Stars Up Their Nose“, რომელიც იყო ნაწილი საბავშვო პროგრამისა „Mad for it!“. კონკურსზე ქეთიმ შეასრულა Badfinger-ის ცნობილი სიმღერა, სახელწოდებით „Without You“ და გაიმარჯვა.

ქეთის პირველი გამოჩენიდან სამ წელიწადში გამოვიდა მისი ალბომი „Call Off The Search“, რომელიც ორ თვეში უკვე ბრიტანული ჰიტ-პარადების სათავეში იდგა და მწვერვალზე 6 კვირა დაყო. გამოსვლიდან 5 თვის შემდეგ უკვე გაყიდული იყო ალბომის 1.8 მილიონი ასლი და 2004 წელს მელუა აღიარეს ყველაზე გაყიდვად ქალ შემსრულებლად დიდ ბრიტანეთში. 19 წლის ქეთი ერთ-ერთ კონცერტზე გამოსვლის შემდეგ თვით ინგლისის დედოფალს წარუდგინეს, რომელმაც მას დიდი სიმპათიით მიმართა: „მე მოვისმინე რადიოში თქვენი სიმღერა, ის ძალიან სასიამოვნოა“.

2014 წელს ქეთი მელუა გაერთიანებული სამეფოს 30 წლამდე ასაკის 50 უმდიდრეს ახალგაზრდას შორის დასახელდა, 12 მილიონი ფუნტის ქონებით.

წლების მანძილზე დამსახურებული არაერთი პრიზი და მილიონობით გაყიდული ალბომი, და, რაც ყველაზე მთავარია, საპატიო ადგილი„გინესის რეკორდების წიგნში“ – ასეთია ცნობილი ქართველი მომღერლის ბიოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები.

ქეთი მელუა დღევანდელ დღეს მსოფლიო მუსკალურ სამყაროში გამორჩეული მონაცემებისა და ნიჭის მქონე მომღერალი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მუსიკოსია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close