იტალიასაზოგადოება

იტალია ახალი „წითელი ზონებისთვის“ ემზადება კოვიდინფექციის გავრცელების გამო

ნაციონალურ დონეზე მკაცრი კარანტინი არავითარ შემთხვევაში არ იქნება

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს 19 სექტემბრის საღამოს მონაცემებით, გასულ 24 საათში იტალიაში კოვიდ-19-ით გარდაცვალების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა – გარდაიცვალა 24 პაციენტი (გუშინ ეს მაჩვენებელი 10-ს უდრიდა). კოვიდის მსხვერპლთა ასეთი დიდი რაოდენობა 7 ივლისის (30 გარდაცვლილი) შემდეგ არ დაფიქსირებულა. მათგან 9 პაციენტი ლომბარდიაში გარდაიცვალა. მთლიანობაში კი, პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე მსხვერპლთა რაოდენობა 35 692-ს შეადგენს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Ansa წერს.

მეორე მხრივ, გუშინდელთან შედარებით (როდესაც 1907 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა 99 839 ტესტის ჩატარების შედეგად) შემცირდა ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა – გასულ ერთ დღეში 103 223 ტესტი ჩატარდა და კორონავირუსით ინფიცირება ლაბორატორიულად კიდევ 1603 ადამიანს დაუდგინდა. მთლიანობაში კი იტალიაში, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა (217716) ჩათვლით, ინფიცირების 296 569 შემთხვევაა დაფიქსირებული.

აქტიურ ინფიცირებულთაგან 215 პაციენტის (+7 გასულ 24 საათში) მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში არიან მოთავსებულნი.

დიდი ხნის შემდეგ პირველად სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტი კვლავ უბრუნდება მსჯელობას „წითელი ზონების“ ჰიპოთეზის ან შეზღუდვების სხვა ფორმების შესახებ. ამის შესახებ ilmessaggero.it წერს. ყველაფერთან ერთად, ადგილობრივი ზომების გარდა, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლება არ გამორიცხავს ადამიანთა შეხვედრების შეზღუდვას და შეკრებაზე ლიმიტის დაწესებას – მაქსიმუმ 10-იდან 6 ადამიანამდე, რაც უკვე მოქმედებს საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება.

ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტი (ISS) ყოველკვირეულ მონიტორინგში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქვეყნებს, ინფიცირების მრუდის ზრდას აფიქსირებს, რასაც განსაზღვრავს, როგორც „SARS-Cov-2-ის ეპიდემიის ნელ და პროგრესირებად გამწვავებას“.

ბიულეტენში აღნიშნულია, რომ ინფიცირების ინდექსი RT ამჟამად იტალიაში საშუალოდ 1-ზე ცოტა მაღალია, დასტურდება „ინფექციის შიდა გადაცემის მნიშვნელოვანი გამაფრთხილებეელი სიგნალები“ – არის ახალი აფეთქებები და ისინი იქნება მომავალშიც, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. „მოცემულ მომენტში მონაცემები ადასტურებს პროფილაქტიკის არსებული ზომების მხარდაჭერის  და კონტროლის შესაძლებლობას და იმას, რომ მზად ვიყოთ შემდგომი ჩარევის აქტივაციისთვის სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში“.

თუ ჩაითვლება, რომ ქვეყნის რომელიმე ნაწილი საფრთხეშია, მკაცრი ლოკალური ბლოკირებების ვარიანტი დღის წესრიგში დადგება, თუმცა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წყაროები იუწყებიან, არავითარ შემთხვევაში არ იქნება მიღებული მკაცრი ბლოკირება ნაციონალურ დონეზე.

სწორედ ეს აშფოთებთ სპეციალისტებს: ფაქტობრივად, ქვეყანაში 2397 აქტიური აფეთქებაა, რომელთაგან 698 – ახალია. ბოლო 14 დღის განმავლობაში გამოვლენილ ინფიცირებულთა საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ეს, ჩვენი აზრით, დაკავშირებულია იმასთან, რომ ახალგაზრდა ადამიანებმა ინფექცია უფრო მოწყვლად და ასაკოვან ადამიანებს გადასდეს, განსაკუთრებით ოჯახში“, – ნათქვამია ISS-ის ბიულეტენში.

ამ დროისთვის ინფექციის გავრცელების ინდექსი Rt (რომელიც ეროვნულ დონეზე საშუალოდ 1-ზე ცოტა მეტია) ყველაზე მაღალია ავტონომიურ პროვინცია ტრენტოში – 1,59 და ლიგურიის რეგიონში – 1,32, შესაბამისად, ისინი  ხელისუფლების განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იქნებიან და შესაძლოა პირველები შეეჯახონ შეზღუდვების ახალ ზომებს; მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ლაციოს (0,54), ვალ დ’აოსტას (0,61), პიემონტის (0,69) და კამპანიის (0,71) მონაცემები განსაკუთრებით პოზიტიურია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close