იტალიასაზოგადოება

იტალია: ემილია-რომანიაში მოსწავლეებს და მშობლებს კორონავირუსზე ტესტირებას აფთიაქებში უფასოდ ჩაუტარებენ

ემილია-რომანიის რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეებს და მშობლებს შეუძლიათ კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ ჩაიტარონ აფთიაქებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში რეგიონულმა მრჩეველმა რაფაელე დონინიმ განაცხადა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

„მომავალი კვირის დასაწყისში ხელი მოეწერება შეთანხმებას და ძალიან მალე შევძლებთ დავიწყოთ მომავალი მოქმედებები მოსწავლეებსა და მათ ოჯახებში ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. აგრეთვე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ზოგადი პრაქტიკის ექიმებთან, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას შემოწმების მეორე ეტაპის შესახებაც“, – განაცხადა დონინიმ.

ჯანდაცვის მრჩეველი განმარტავს, რომ ტესტირება უფასო იქნება მთელი სასკოლო პერსონალისთვის, მასწავლებლებისა და სხვა მუშაკებისთვის, სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის. „ეს დაცვის და პროფილაქტიკის დამატებითი, არასავალდებულო ქსელია, რომელსაც ჩვენ დავნერგავთ რეგიონის ტერიტორიაზე“.

დონინი ხაზს უსვამს, რომ ინფექციის გავრცელების მრუდი ემილია-რომანიაში ბოლო კვირებში ისევ იზრდება, მართალია, უფრო ნაკლებად, ვიდრე სხვა რეგიონებში, მაგრამ მაინც. მისი თქმით, ინფიცრებულთა რაოდენობის უგულებელყოფა არასწორია, „ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი ცირკულირებს და შესაძლოა ზიანი მოგვაყენოს, აამიტომ უსაფრთხოების ყველა ზომა უნდა დავიცვათ“, – აფრთხილებს მოქალაქეებს რეგიონის ჯანდაცვის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, ოქტომბრის შუა რიცხვებში, ერთი თვით ადრე, ვიდრე გასულ წელს, რეგიონში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია დაიწყება.

„გასულ წელს რეგიონში გრიპის წინააღმდეგ 800 ათასი მოქალაქე აიცრა, წელს 1,4 მლნ დოზა ვაქცინა შევიძინეთ, – განაცხადა რაფაელე დონინიმ, – თუ ყველა დოზას გამოვიყენებთ, რეგიონის მოსახლეობის მესამედი გრიპზე აცრილი იქნება. ეს აბსოლუტური რეკორდია“.

რეგიონის ხელმძღვანელობა ყველას მოუწოდებს, სეზონური გრიპების საწინააღმდეგო აცრა გაიკეთონ, რათა „ნორმალური“ გრიპის შემთხვევების გარჩევა კოვიდ-19-ისგან უფრო ადვილი იყოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close