კინო/ფილმები

ალენ დელონს „უკანონო“ შვილმა სასამართლოში უჩივლა – „მამაჩემი ნამდვილი მონსტრია“

მსოფლიო ვარსკვლავის, ალენ დელონის უფლებების დამცველები სასამართლოში აწარმოებენ საქმეს მსახიობისა და მისი უკანონო შვილის, ქრისტიან აარონ (არი) ბულონ-პაფგენს (Christian Aaron Boulogne-Päffgen) შორის.

აარონმა ქალაქ ორლეანის სასამართლოში შეიტანა საჩივარი, თუმცა ამ ქალაქის სასამართლომ თავი არაკომპეტენტურად ცნო და საქმე წარმოებისათვის შვეიცარიაში გადაგზავნა. ალენ დელონის ადვოკატების განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ მოპასუხე ცხოვრების დიდ ნაწილს შვეიცარიაში ატარებს და ნაკლებ დროს – მამულ დუშიში (საფრანგეთში). ის ამჟამად ოფიციალურად მხოლოდ დედის გვარს ატარებს. მისი დედა, ქრისტა პაფგენი – გერმანელი მოდელი, მსახიობი და როკ-მუსიკოსი იყო, ცნობილი საესტრადო ფსევდონიმით „ნიკო“ (Nico).

როგორც აარონ პაფგენის ადვოკატმა განმარტა, ეს დროის გაყვანის ერთგვარი ტაქტიკაა და მას ალენ დელონი თავის სასარგებლოდ იყენებს. შვეიცარიაში საქმის გადატანა მსახიობისთვის კიდევ იმით არის მომგებიანი, რომ აარონის დედა გერმანელი იყო, დელონს შეუძლია საქმის გერმანული კანონებით განხილვაც მოითხოვოს, რაც საქმის დახურვას ბევრად გააიოლებს.

ალენ დელონის ადვოკატები იმასაც განმარტავენ, რომ მსახიობი 1984 წლიდან შვეიცარიაში ცხოვრობს, 1999 წლიდან ამ ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო 2010 წლიდან გადასახადებსაც იხდის, ამიტომ ლოგიკურია, რომ საქმის წარმოება შვეიცარიაში მიმდინარეობდეს.

გაასაჩივრებს თუ არა ორლეანის სასამართლოს გადაწყვეტილებას არი პაფგენი თუ შვეიცარიაში გააგრძელებს სასამართლო დავას, ამ ეტაპზე უცნობია.

artinfo.ge

P. S. INFO – მიუხედავად იმისა, რომ არი ბულონ-პაფგენი მამის ასლია, დელონი მას არ აღიარებს.

ჟურნალ „ისტორიის ქარავანთან“ ინტერვიუში დელონის „უკანონო“ ვაჟმა ღიად ისაუბრა მამასთან კონფლიქტის შესახებ.

„მამაჩემი ნამდვილი მონსტრია, დაუნდობელი და უგულო ადამიანი. იცით, მსგავსი უკანონო შვილები, როგორიც მე ვარ, რამდენი ჰყავს? ისინი, უბრალოდ, დუმან, აი მე კი ამაზე გაჩუმებას არ ვაპირებ. მამისგან უარყოფის მიზეზი ის არის, რომ წარსულის გახსენება არ სურს, რაც ჩემი პირადი ტრაგედიაა “, – აღიარებს არი.

იგი მამასთან ერთ-ერთ შეხვედრასაც იხსენებს : „მისი ბზინვარე BMW-თი გზა უხმოდ გავიარეთ. მეტროს შესასვლელთან გაჩერებისას მხარზე ხელი დამადო და მითხრა: „დაიმახსოვრე, ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ მეგობარი ხარ. და რას გეტყვი, მეგობარო: შენ ჩემი თვალები, ჩემი თმა არ გაქვს. ჩემი შვილი არ ხარ და ვერასდროს იქნები. დედაშენთან მხოლოდ ერთხელ ვიწექი“.

სწორედ ეს ერთადერთი ღამე იქცა ულამაზეს რომი შნაიდერთან ალენ დელონის დაშორების მიზეზი.

მიუხედავად მრავალი რომანისა, საზოგადოებას მხოლოდ ერთი – რომი შნაიდერთან მისი ურთიერთობა ახსოვს. რომის სიკვდილის შემდეგ დელონს ოთხი უიღბლო რომანი ჰქონდა. იგი რომის თავისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს უწოდებს.

1959 წელს დელონი რომი შნაიდერზე დაინიშნა, დანიშნული ალენი კვლავაც თავისუფალი მამაკაცის ცხოვრებით ტკბებოდა და ერთ დღესაც რომის გერმანელ მსახიობთან და მოდელთან, „ნიკოსთან“ უღალატა.

„ნიკო“ – ქრისტა პაფგენი

„ნიკომ“ პირველი ვაჟიც გაუჩინა – არი პაფგენი პარიზში დაიბადა 1962 წლის 11 აგვისტოს. დელონს ბოლომდე არ უღიარებია იგი შვილად, თუმცა არი დელონის მშობლებმა გაზარდეს და ალენის მამობილმა თავისი გვარიც მისცა – ბულონი.

1963 წელს შნაიდერმა და დელონმა ნიშნობა გააუქმეს.

ალენ დელონს კიდევ სამი შვილი – ენტონი, ანუშკა და ალენ ფაბიენი ჰყავს. სამივე მსახიობია.

არი პაფგენ-ბულონი კი, რომელიც ახლა 57 წლისაა, ფოტოგრაფი გახდა, ასევე მსახიობობს და მწერლობს. მას ორი შვილი ჰყავს, რომლებსაც ალენი ასევე არ აღიარებს შვილიშვილებად.

არი პაფგენი, 2013 წ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close