fbpx
საზოგადოება

ვინ იყო 11 სექტემბრის ტერაქტის თბილისელი მსხვერპლი – 94-ე სართულზე შეწყვეტილი სიცოცხლე

რამდენიმე დღით ადრე ალექსანდრემ მეგობარს მოუყვა სიზმარი, რომელიც მანამდე ესიზმრა და სიზმარშიც 94-ე სართულზე იჭედებოდა ლიფტში

„მსოფლიო ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორც აქამდე იყო“, – 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ეს სიტყვები არაერთხელ გვსმენია. ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული აქტიდან 19 წელი გავიდა. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ამ ტრაგედიის მსხვერპლთა შორის თბილისელი ალექსანდრე ლიგინიც იყო.

ალექსანდრე 1973 წლის 16 იანვარს დაიბადა თბილისში, 16 წლის ასაკში დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მესამე კურსზე სწავლისას, ამერიკული კომპანია Sistems Inc-ის პრეზიდენტის რჩევით, მუშაობა კომპანიის პროგრამისტად დაიწყო და მალევე მიაღწია წარმატებას. 2001 წლის თებერვლიდან Cantor Fitzgerald-ის პროგრამისტად დაიწყო მუშაობა. მას ასევე იტაცებდა ფოტოგრაფია. 2000 წელს ამერიკული ჟურნალის Today’s Photography ფოტოკორესპონდენტიც გახდა.

22 წლის ასაკში ამერიკაში სასწავლებად ჩასული თბილისელი ბიჭის ცხოვრება მოულოდნელად, 28 წლის ასაკში დასრულდა.

„საშას უამრავი იდეა და გეგმა ჰქონდა. უყვარდა ცხოვრება და ჩქარობდა, ყველაფერი მოესწრო. თავის ირგვლივ არსებულ სამყაროს სიკეთითა და სიყვარულით ავსებდა“, – ასეთი წინასიტყვაობა ახლავს ამერიკაში ალექსანდრე ლიგინზე გამოცემულ წიგნს „შეწყვეტილი ფრენა“.

ჩვეულებრივი სამუშაო დღე ტრაგედიით დასრულდა. 11 სექტემბრის დილას ალექსანდრე სამსახურში მივიდა, ის სავაჭრო ცენტრში 104-ე სართულზე მუშაობდა. ალექსანდრემ 94-ე სართულზე სიგარეტის საყიდლად ჩადიოდა, ლიფტში შევიდა და მოულოდნელად ლიფტი გაჩერდა, უკვე ისმოდა განგაშის სიგნალების შემზარავი ხმა… რამდენიმე დღით ადრე ალექსანდრემ მეგობარს მოუყვა სიზმარი, რომელიც მანამდე ესიზმრა და სიზმარშიც 94-ე სართულზე იჭედებოდა ლიფტში.

ალექსანდრეს საცოლე ჰყავდა, ერთ თვეში, 20 ოქტომბერს ქორწილი იყო დაგეგმილი, 11 სექტემბერს კი უდანაშაულო ადამიანი ბოროტების მანქანამ შეიწირა..

ალექსანდრეს მამა, ცნობილი ფიზიკოსი ვლადიმირ ლიგინი, მალევე გადაყვა ამ ტრაგედიას – იგი სამხრეთ კაროლინაში დაიღუპა. დედა, მუსიკის პედაგოგი ვალენტინა ლიგინა კი საშაზე მოგონებებით აგრძელებს ცხოვრებას.

წყარო: kartuli.kvira.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close