ქართული დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ იტალიაში ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ იტალიაში ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმს ფესტივალის მთავარი ჯილდო, „ოქროს ენციანი“ (Golden Gentian) გადაეცა.
ფილმის რეჟისორები დაჯილდოების ცერემონიას ონლაინ დაესწრნენ და ფესტივალის სტუმრებს საქართველოდან მიესალმნენ.
ფილმში მოქმედება ვითარდება ხარაგაულის რაიონში, მოლითის სარკინიგზო სადგურის გარშემო. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ჩქაროსნულმა მატარებელმა ჩინეთი საქართველოს გავლით ევროპასთან უნდა დააკავშიროს, რაც პატარა სოფლების ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
„გვირაბის“ მსოფლიო პრემიერა 2019 წელს გაიმართა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. ის ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ამსტერდამში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.
ტრენტოს 68-ე საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც იტალიის ქალაქ ტრენტოში, ტრადიციულად, აპრილში ტარდება, კორონავირუსის პანდემიის გამო წელს 27 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე გაიმართა და მისი ფოკუს ქვეყანა საქართველო იყო. ფესტივალის ორგანიზატორებმა მაყურებელს შესთავაზეს ქართული ფილმების რეტროსპექტივა, სახელწოდებით DESTINATION… GEORGIA – ფესტივალზე 13 ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები