საქართველოს მოქალაქე პანკისელი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, ტირგარტენის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. სავარაუდო მკვლელი, მოწმეების ჩვენების წყალობით, იმავე დღეს დააკავეს. მას უპოვეს მოქმედი რუსული პასპორტი ვადიმ სოკოლოვის სახელზე, თუმცა მალე გაირკვა, რომ ეს ფსევდონიმი იყო. რამდენიმე ხნის შემდეგ ჟურნალისტებმა შეძლეს მისი ვინაობის იდენტიფიცირება – იგი ФСБ-ს (რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) სტრუქტურებთან დაკავშირებული ვადიმ კრასიკოვი აღმოჩნდა.
მეორე რუსის კვალზე, რომელიც დიდი ალბათობით მკვლელობის მონაწილეა, გერმანიის ფედერალური პროკურატურა და სისხლის სამართლის საქმეების ფედერალური უწყება მიმდინარე წლის ივნისში გავიდნენ. მაშინ ჟურნალმა Der Spiegel-მა, გერმანიის ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბარია რუსეთის მოქალაქე რომან დ.-ზე, თუმცა გამოძიებას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სახელი და გვარი მოგონილი იყო. დადგინდა, რომ 2019 წლის 3 აგვისტოს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამდე 2 კვირით ადრე, რომან დ. სხვა პირის პასპორტით ბელარუსიდან პოლონეთში შევიდა, საიდანაც, სავარაუდოდ, გერმანიაში გაემგზავრა. უკან იგი 7 აგვისტოს დაბრუნდა.
ჟურნალისტებმა შეძლეს დაედგინათ, რომ პასპორტი, რომელიც რომან დ.-მ საზღვარზე წარადგინა, რომან იურის ძე დავიდოვის სახელზე იყო გაცემული და საზღვარგარეთის პასპორტის სერია იგივე ჰქონდა, რაც ვადიმ კრასიკოვის საზღვარგარეთის პასპორტს. ემთხვეოდა სხვა დეტალებიც (ამ დეტალებზე „დოიჩე ველე“ დაწვრილებით წერს).
ინტერნეტპორტალ The Insider-ის ჟურნალისტებმა Bellingcat-სა და Der Spiegel-თან ერთად ჩაატარეს გამოძიება, რომლის შედეგადაც გაარკვიეს, რომ რომან „დავიდოვის“ ნამდვილი სახელი და გვარია რომან იურის ძე დემიანჩენკო. გამოცემის ცნობით, წარსულში დემიანჩენკო „ფეესბეს“ თანამშრომელი იყო, დანაყოფ „ვიმპელის“ ოპერატიული მუშაკი. The Insider-მა გამოძიების შედეგებზე მასალა 29 აგვისტოს გამოაქვეყნა.
ამ ცნობების საფუძველზე გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაასკვნეს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ორგანიზება ბერლინში კომპანია „ვიმპელის“ ჯგუფმა და მასთან დაკავშირებულმა „ფეესბეს“ ვეტერანთა სპეცრაზმის რეგიონულმა გაერთიანებამ მოახდინა, „ფეესბეს“ მითითებით.
Bellingcat-ის შეფასებით, აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ კომპანია „ვიმპელის“ ჯგუფს, დე ფაქტო, სულ ცოტა, ნაწილობრივ, „ფეესბეს“ დანაყოფის როლი აკისრია უცხოეთში შეკვეთილი მკვლელობების შესასრულებლად.
ნიკო აბაშიშვილი
წყარო: „დოიჩე ველე“
p. s. როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქე პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე იყო, ერთ-ერთი საველე მეთაური, რომელზეც მოსკოვს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოში თორნიკე ქავთარაშვილის სახელითა და გვარით ცხოვრობდა. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა. მისი მეტსახელი იყო „ზელო დიშნი“.
ზელიმხან ხანგოშვილს ადრეც დაესხნენ თავს – 2015 წლის 28 მაისს თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე მანქანიდან ესროლეს. ხანგოშვილს ოთხი ტყვია მხარსა და ხელში მოხვდა. მას ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ამ ფაქტზე არავინ დაუკავებიათ. თავდასხმას თავად ხანგოშვილი რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სპეციალური დაცვის გამოყოფას ითხოვდა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოგვიანებით მან საქართველო დატოვა და უცხოეთში წავიდა.
კომენტარები