newsსაქართველო

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა

შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან. სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტერიტორიაზე უკვე ამოიყვანეს, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთანავე, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close