fbpx
მოდა/სილამაზესაქართველო

VOGUE იტალია: ინტერვიუ სოფო ჭყონიასთან

თბილისი კრეატიულობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ცენტრია, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მოდის სამყაროზე – Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულმა ბოლო წლებში ქალაქი ცნობილი გახადა დახვეწილი, ზოგიერთ შემთხვევაში კი პოსტპანკური სტილითა და ადგილობრივი დიზაინერების მეშვეობით. რა შეიცვალა კორონავირუსის პერიოდში და რა შეიცვლება მომავალში? გავესაუბრეთ სოფია ჭყონიას, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელია. ის წლებია ხელმძღვანელობს და მხარს უჭერს ადგილობრივ შემოქმედებას, იწვევს მყიდველებსა და რედაქტორებს მსოფლიოდან და ქალაქს ისეთ ადგილად აქცევს, რომელიც არ უნდა გამოტოვო.

თითქმის მზად ვიყავით, რომ თბილისში ჩამოვსულიყავით და მოდის კვირეულითა და ქალაქით გვესიამოვნა. რა გეგმები და პროექტები გქონდათ, ვინ იყვნენ ამ სეზონის პროტაგონისტები?

Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულისთვის მზად ვიყავით, რომელიც მაისში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემია დაიწყო. კოლექციები, სტუმრების სახელები, ლოკაციები – ყველაფერი დეტალურად იყო ორგანიზებული, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ახალი ენერგიითა და პროექტებით დავბრუნდებით.

MBFWT-ის შემდეგი სეზონი გაიმართება თბილისში, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში, რომელიც „კოკა-კოლას“ ყოფილ ქარხანაში გაიხსნება. ინდუსტრიული ადგილი მრავალი წლის განმავლობაში მასპინძლობდა არტისტებს, ტარდებოდა კულტურული ღონისძიებები და გამოფენები. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ქარხნის 27 000 კვ. მ.  ტერიტორია ისეთ ჰაბად გადაკეთდება, რომელიც ხელოვნებას, მოდასა და ხელოსნობას გააერთიანებს – ვუმასპინძლებთ არტისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან, ფოტოგრაფებსა და დიზაინერებს კი ექნებათ შესაძლებლობა, რომ ჩაატარონ სემინარები ან გალერეებში ნამუშევრები გამოფინონ.

გვჯერა, რომ  ამ სივრცეს დიდი  პოტენციალი აქვს, სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ეს ადგილი იმ ღონისძიებისთვის, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება. პანდემიის პერიოდში ცენტრის გახსნა გადაიდო, თუმცა არ გაუქმებულა. როდესაც მთელ მსოფლიოში დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება, კრეატიული ინდუსტრიის პროფესიონალებს ცვლილებებთან გამკლავება მოუწევთ, თბილისის კულტურული ცენტრი კი შესაძლოა ის ადგილი გახდეს, სადაც ახალი იდეები წარმოიშობა.

MBFW-ის ძირითადი აქცენტი მდგრად მოდასა და ეკომეგობრულ კოლექციებზე გაკეთდება. ეს ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება. ხარისხი და არა რაოდენობა – ასე გავაგრძელებთ მუშაობას.

როგორი რეაქცია ჰქონდა ქართულ მოდის ინდუსტრიას კარანტინზე და, თქვენი აზრით, რა შედეგები ექნება ადგილობრივ წარმოებასა და შემოქმედებაში? 

ქართველი შემოქმედი ადამიანები შეგუებულები არიან კრიზისში ცხოვრებას, რადგან საქართველოში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები. ჩვენ ეკონომიკური სირთულეების წინაშე დავდგებით, რაც გლობალურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ქართველი დიზაინერები მსოფლიოში ყიდიან ნამუშევრებს და კარანტინმა გავლენა იქონია გაყიდვებსა და შეკვეთებზე. უნდა მოვძებნოთ ახალი გზები ქართული მოდისა და დიზაინერების დასახმარებლად.

ქართული მოდა უამრავ ადამიანს იზიდავს, ღონისძიებაზე სტუმრების რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება. ეს ხელსაყრელია ტურიზმისთვისაც. რა სამომავლო პროექტები გაქვთ?

სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს ისეთი ინსტიტუტები ან ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს მოდის ინდუსტრიას ფინანსურად მხარს დაუჭერენ, როგორც, მაგალითად,  იტალიაში, საფრანგეთში ან შეერთებულ შტატებშია. უნდა დავფიქრდეთ კრიზისის მოგვარების გზებზე.

ჩემი გუნდი ამ მიმართულებით მუშაობს, გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვაყალიბოთ საერთაშორისო ექსპერტთა კომისია, რომელიც ქართველ დიზაინერებს გაუძღვება და მათ მხარს დაუჭერს. ამ კრიზისის დროს ჩვენმა  მეგობრებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაგვიჭირეს მხარი. ყოველდღე მიკავშირდებოდნენ და მეკითხებოდნენ, როგორ შეეძლოთ დახმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხვდები, რომ მარტო არ ხარ.

2015 წლიდან მოდის კვირეულის ყოველ სეზონზე 100-მდე მყიდველი, მოდის ექსპერტი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენელი მონაწილეობს. ინტერესი იზრდება და კარგი ამბავი ისაა, რომ დიზაინერები ოპტიმიზმს არ კარგავენ და მზად არიან, რომ იმუშაონ, მოუსმინონ და ითანამშრომლონ. MBFW მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ გაჩერება არ შეგვიძლია. ყოველთვის ვამბობ, რომ მოდა საქართველოს საუკეთესო ამბასადორი შეიძლება გახდეს.

რას გვეტყოდით Be Next პლატფორმის შესახებ?

Be Next-ის მოდის დიზაინის კონკურსი მაისში იყო დაგეგმილი, ბევრ ახალგაზრდა დიზაინერს სურდა მონაწილეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ აქვთ ფინანსური მხარდაჭერის მიღებისა და საერთაშორისო სკოლებში სწავლის შესაძლებლობა. სერიოზული ფიქრი დავიწყეთ საქართველოში მოდის სკოლის გახსნაზე – განათლება ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა და ვფიქრობთ, რომ შესაფერისი დროა მსგავსი ტიპის პროექტის დასაწყებად.

საერთაშორისო მოდაზე საუბრისას რა იმედებს ამყარებთ მომავალზე? როგორ ფიქრობთ, დაეხმარება თუ არა ეს პაუზა ინდუსტრიას, რომ პრობლემები გაიაზრონ?

ვიმედოვნებ, რომ ეს პერიოდი დაგვეხმარება იმის გასააზრებლად, თუ რა არის ნამდვილი ღირებულებები, არა მარტო მოდაში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დიდი სისტემის პატარა ნაწილი ვართ და ჩვენს პლანეტაზე უნდა ვიზრუნოთ. ვირუსი ყველასთვის გაკვეთილი იყო. თავად უნდა შევცვალოთ ის, რისი  ცვლილებაც გვსურს, რომ დავინახოთ სამყაროში. მოდას სჭირდებოდა გარდაქმნა. ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ყველა ადამიანის  ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

ავტორი:  DI RICCARDO TERZO

ორიგინალი: https://www.vogue.it/

at.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close