fbpx
კრიმინალისაქართველო

სასტიკად ნაცემი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა – პროკურატურა (ვიდეო)

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პირს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი წარედგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო, ესენი არიან: ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და არასრულწლოვნები ზ.ხ. და ა.ქ. მათ ბრალი ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 13-იდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ დანარჩენ 12 პირს ბრალი ედებათ ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობასა და  თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. მათთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე.

„სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა“, – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა 11 აგვისტოს ბრიფინგზე.

მისი თქმით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული  დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნით, ფეხით ან ქვით.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალებაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ შაქარშვილს არ ჰქონდა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები და, მისივე განმარტებით, თუკი იგი წყალში არ მოხვდებოდა, დაზიანებები არ მოკლავდა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე განვითრებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, 19 ივნისის ღამით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით გაემართა სულ 8 ავტომანქანა, მათგან სამი – საბურთალოს რაიონიდან, ხოლო ხუთი – ნაძალადევის რაიონიდან. ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერების და მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ჩატარდა ათასზე მეტი საპროცესო მოქმედება, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებულ და შესწავლილ იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების მეშვეობით განხორციელებული ათიათასობით ზარის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ინტერნეტ აქტივობის შესახებ, გამოკვლეულ იქნა საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე ასეულ საათს, დაკითხულ იქნა ასეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული და კომპლექსური ექსპერტიზები, ამოღებულ იქნა კონფლიქტში მონაწილე პირთა ტანსაცმელი, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებები, აღებულ იქნა ანაწმენდები და სხვადასხვა სახის ნიმუშები, მოწმეთა ჩვენებების და საგამოძიებო ვერსიების შემოწმების მიზნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდებულთა ამოცნობები და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს“, – ნათქვამია პროკურატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურამ საქმეზე დამატებითი ვიდეომასალაც გამოაქვეყნა და რეკონსტრუქციის სახით შაქარაშვილის მკვლელობის ამსახველი ეპიზოდიც აღადგინა.

 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია.

ყველა დაკავებულს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close