მსოფლიოპოლიტიკასაბერძნეთი

შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე – ბერძნული და თურქული სამხედრო ხომალდები ერთმანეთის პირისპირ

10 მაისს, გამთენიისას ცნობილი გახდა, რომ თურქული სამეცნიერო-კვლევითი გემი „ორუჩ რეისი“, სამხედრო გემების თანხლებით, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ზონაში ღია ზღვაში გავიდა. თურქეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ორუჩ რეისი“ სეისმოლოგიურ კვლევებს განახორციელებს საზღვაო სივრცეში, ბერძნული კუნძულების, როდოსისა და კასტელორიზოს სამხრეთით, საბერძნეთის კუთვნილი საზღვაო შელფის, კონტინენტური მეჩეჩის საზღვრებში. 

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაუყოვნებლივ შეიკრიბა საბერძნეთის საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის სამთავრობო საბჭო პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ხელმძღვანელობით. საბჭოზე განიხილეს საბერძნეთის შესაძლო რეაქცია თურქეთის ქმედებაზე.

მოგვიანებით გავრცელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელშიც დაგმობილია მეზობელი ქვეყნის მიერ საბერძნეთის უფლებების შელახვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბერძნეთი არ დაემორჩილება შანტაჟს და საკუთარ სუვერენიტეტსა და სუვერენულ უფლებებს დაიცავს.

პრემიერი მიცოტაკისი ტელეფონით ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, აგრეთვე, კვიპროსისა და ეგვიპტის პრეზიდენტებს. გერმანიის ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოხატა, ხელი შეუწყოს დიალოგს და პრობლემის მოგვარებაში ჩაერიოს.

საგულისხმოა, რომ თურქული გემი კვლევითი სამუშაოს შესრულებას აპირებს საბერძნეთ-ეგვიპტის სპეციალური ეკონომიკური ზონების საზღვარზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დადგინდა ამ ქვეყნებს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით. ამით თურქეთი აღნიშნული ხელშეკრულების ლეგიტიმურობას დემონსტრაციულად უარყოფს. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა საკუთარ Twitter-ზე ატვირთა განცხადება, სადაც ხაზგასმულია, რომ გემი დანიშნულების ადგილზე იმყოფება და ის აუცილებლად შეასრულებს დასახულ ამოცანას. საგულისხმოა მინისტრის ფრაზა: „ორუჩ რეის“, 83 მილიონი თურქი დგას შენს უკან“.

საბრძოლო მზადყოფნაშია საბერძნეთის საზღვაო და საჰაერო ძალები. ბერძნული პრესის ინფორმაციით, „ორუჩ რეისს“ 8 ბერძნული სამხედრო გემი მიუახლოვდა და ყოველ 15 წუთში უგზავნის მოთხოვნას, დატოვოს საბერძნეთის შელფი, სადაც უკანონოდ იმყოფება. თავის მხრივ, თურქულ საკვლევ გემს დაახლოებით ამდენივე სამხედრო ხომალდი აცილებს. ამას გარდა, რეგიონში წყალქვეშა გემების კონცენტრაციაც შეიმჩნევა. მედიის ვარაუდით, ორივე ქვეყნის გემების საერთო რაოდენობა შესაძლოა 40 ერთეულს აჭარბებდეს.

ბოლო ინფორმაციით, ამერიკის ხელისუფლება მოუწოდებს თურქეთს, შეაჩეროს კვლევითი სამუშაოები, თუმცა პრეზიდენტი ერდოღანი უკან დახევას არ აპირებს.

P. S. თურქეთსა და საბერძნეთს შორის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე კრიზისი აღნიშნულ რეგიონში არსებული ენერგორესურსების საკითხს უკავშირდება. ორი ქვეყანა ცდილობს, დაასაბუთოს საკუთარი უფლება, მოიპოვოს და გადაზიდოს ენერგომატარებლები, რომელთა ექსპლუატაცია ათობით მილიარდი დოლარის შემოსავლისა და ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის განმტკიცების შესაძლებლობას იძლევა.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close