იტალიასაზოგადოება

იტალიის პრემიერ-მინისტრი: მალე ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 200 ათასს აჭარბებს

ქვეყანას მეტად აღარ მოუწევს საყოველთაო კარანტინი, ხოლო „ნორმალურ ცხოვრებაზე“ დაბრუნება შორს აღარ არის, თუ იტალიის მოქალაქეები გააგრძელებენ ძირითადი სანიტარიული რეკომენდაციების და მინიმალური დაცვის ზომების შესრულებას, – განაცხადა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ოთხშაბათს, 5 აგვისტოს.

ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს სიტუაცია შეცვალოს, ეპიდემიის მძლავრი მეორე ტალღაა, მაგრამ ასეთი სცენარი იმდენად ნაკლებსავარაუდოა, რომ შეგვიძლია არც განვიხილოთ, – დასძინა პრემიერმა.

მისი მტკიცებით, ყოველთვის „მონაცემების თანაზომიერად“ მოქმედებდა:

„საგანგებო სიტუაციის დაწყებიდან მე მივდიოდი გზით, რომელიც სიფრთხილით იყო აღბეჭდილი, აგრეთვე, ვიღებდი ზომებს, რომლებიც შექმნილი სიტუაციის თანაზომიერი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა კარგად მოქმედებდა … ახლა მოვიდა დრო, ვიფიქროთ არა ახალ შეზღუდვებზე, არამედ მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ხელახლა ეფექტიან ამუშავებას და თუ ყველანი დავიცავთ ამ მინიმალურ, მაგრამ აუცილებელ ზომებს, ერთად ნამდვილად შევძლებთ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას“, – ამბობს პრემიერი ინტერვიუში.

კონტეს თქმით, სკოლაში სწავლა უეჭველად განახლდება, აღარ იქნება ახალი „დაკეტვები“ და „ბლოკირებები“: „ეს ვიცი იმიტომ, რომ ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობდით და ვმუშაობთ – მთავრობა, სამოქალაქო დაცვა, სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტი. ჩვენ მშვიდად ვართ, რადგან შევქმენით ეფექტიანი და ქმედითი ჯანდაცვის ქსელი. ახლა ყველა უცხოური სახელწიფო გვაქებს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც კარგად გავაკეთეთ. და არ მინდა, რომ ეს დაიკარგოს…

ახლა ველოდებით, რომ შევძლებთ ამ გზის ბოლო მონაკვეთის გადალახვას, რომელიც ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს. ამიტომ მინდა ვუთხრა მოქალაქეებს, რომ ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნება უკვე ახლოსაა და ეს „გახსნები“, რომლებიც Dpcm-შია მოცემული, ამის დასტურია. თანდათანობით გახსნის პოლიტიკა გამოგვიყვანს ამ ტრაგედიიდან, რომელმაც ყველანი მოგვიცვა“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ინტერვიუში.

რაც შეეხება სტატისტიკას: იტალიაში ამ დროისთვის, მთლიანობაში, ინფიცირების 248 803 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით – ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მე-15 ადგილზეა. გასულ 24 საათში 384 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციანტი და გარდაცვლილთა რიცხვმა 35 181-ს მიაღწია; გამოჯანმრთელებულია 200 976 პაციენტი, კრიტიკულად მძიმე პაციენტთა რიცხვი კი, რომლებსაც ინტენსიური თერაპია სჭირდებათ, 41-ს უდრის.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 7 მლნ 41 ათასზე მეტი ტესტირება ჩატარდა.

ნინო ხოშტარია

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close