fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

ბულგარეთში გაზსადენზე მომხდარი აფეთქების გამო საბერძნეთი რუსული გაზის გარეშე დარჩა

აფეთქება მოხდა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 7:56 სთ-ზე ბულგარეთისა და საბერძნეთის დამაკავშირებელ გაზსადენზე, ბულგარეთის ტერიტორიაზე, სოფელ კულატიდან რამდენიმე მეტრში. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ capital.gr წერს.

ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ავარიის გამო ამ გაზსადენიდან საბერძნეთში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილია.

News.bg-ს ინფორმაციით, ავარიის ადგილზე ინსპექტორებმა აღმოაჩინეს, რომ გაზსადენს აკლია 10 მეტრი სიგრძის – ამ მილის დეფორმირებული ნაგლეჯი მოშორებით ეგდო. პირველადი ინფორმაციით, ადამიანის ჩარევის კვალი ვერ აღმოაჩინეს. რაიონული პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

ENTSOG-ის მონაცემებით, საბერძნეთში ბოლო დღეებში რუსული გაზის მიწოდება საშუალოდ დღე-ღამეში 9 მლნ კუბომეტრი იყო. ბულგარეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომლის გავლითაც „გაზპრომი“ საბერძნეთს გაზს აწვდის. ახლა კი ამას „თურქული ნაკადის“ საშუალებით აკეთებს.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, ამორტიზებულმა გაზის მილებმა გამოიწვია და საბერძნეთში გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება. ამჟამად ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გაზის მიწოდება ჯერაც არ არის აღდგენილი.

ΔΕΣΦΑ-ს ინფორმაციით, გაზით მომარაგების ნაციონალურ სისტემას პრობლემა არ ექმნება, რადგან საბერძნეთს ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება გაზი საბერძნეთ-თურქეთის გაზსადენის მეშვეობით და, ამავე დროს, რევითუსის (დაუსახლებელი კუნძული კუნძულ სალამინასთან ახლოს, სადაც ბუნებრივი გაზის ტერმინალი მდებარეობს – რედ.) რეზერვებიც საკმარისია.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close