სოფელი ყარაჯალა კარანტინზე ჩაიკეტა – მოსახლეობას კოვიდინფექციის არსებობის ისევ არ სჯერა
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, 24 ივლისის დილიდან კარანტინით გათვალისწინებული შეზღუდვები ამოქმედდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სოფელის ჩაკეტვის შესახებ განმარტება ტვ „პირველის“ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, სოფლის მოსახლეობას კოვიდინფექციის არსებობის არ სჯერა. „ძირითადი მიზეზი მათი წინააღმდეგობის ისაა, რომ არ სჯერათ, რომ ასეთი ტიპის ვირუსული ინფექცია არსებობს. უმრავლესობა ამას ადარებს ჩვეულებრივ სურდოს, გრიპს. მათ არ სჯერათ, რომ კორონავრუსული ინფექცია არსებობს. გარკვეული შიშის მიზეზი ისაა, რომ დაკარგავენ სამსახურს ან იმ ყოველდღიურ სამუშაოს შემოსავალს. ჩვენი სამედიცინო პერსონალი ცდილობს მათ დარწმუნებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, ყარაჯალაში კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავდნენ, მაგრამ ტესტირებაზე მოსახლეობის დაბალი დამყოლობის გამო ეს აუცილებელი გახდა:
„სამი დღეა მოვახდინეთ მობილიზება სოფელ ყარაჯალაში, რომელიც გაჩიანის დასახლებაში ყველაზე დიდი სოფელია. გვინდოდა, რომ არ ჩაკეტილიყო სოფელი და გაფართოებული ტესტირება გვეწარმოებინა. სამწუხაროდ, არ მოგვეცა ამის საშუალება და დღეს მიღებული იქნა რადიკალური ზომა. დღეს დილიდან ჩაიკეტა ყარაჯალა და იქ მოსახლეობა კარანტინშია. შეაბამისად, იქ მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, ეპიდემიოლოგები ყოველდღიურად 700 ტესტის აღებას ვარაუდობდნენ, თუმცა რეალურად ეს რიცხვი 200-ს ვერ გასცდა. ტესტირება მიმდინარეობს ასევე სოფლებში: აღთაკლია, ყარათაკლია და გამარჯვება.
მისი განმარტებით, ამ დროისათვის სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსი 26 ადამიანს აქვს დადასტურებული, მთლიანად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კი კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 912 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კომენტარები