მოგზაურობაიტალიაპოლიტიკა

იტალიამ „რისკის ჯგუფში“ კიდევ 3 ქვეყანა შეიყვანა და მათთვის საზღვრები ჩაკეტა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ სერბეთი, ჩერნოგორია და კოსოვო „რისკის ჯგუფში“ შეიყვანა და იტალიაში ამ ქვეყნებიდან შესვლა აკრძალა. შესაბამის ბრძანებულებას ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ მოაწერა ხელი. ამის შესახებ ჟურნალისტებს  ხუთშაბათს, 16 ივლისს მინისტრმა თავად განუცხადა. გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მიიღეს. ინფორმაციას იტალიური სააგენტოები ავრცელებენ.

დაიკეტა პირდაპირი მიმოსვლა იტალიასა და ამ ქვეყნებს შორის, ამას გარდა, იტალიაში ვერ შეძლებენ შესვლას ის მოქალაქეებიც, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ზემოაღნიშნული სამი ქვეყნიდან რომელიმეში იმყოფებოდნენ.

ჯანდაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება გულისხმობს ავიარეისების, მატარებლების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლის ბლოკირებას ამ ქვეყნებთან, რომლებიც ერთი კვირის წინ შექმნილ „რისკის ჯგუფის“ ქვეყნების სიაში შეიყვანეს. ამ დროისთვის ამ ჯგუფში უკვე 16 ქვეყანაა: სომხეთი, ბაჰრეინი, ბანგლადეში, ბრაზილია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, დომინიკის რესპუბლიკა, მოლდოვა, ომანი, პანამა, პერუ, ქუვეითი, ჩილე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, კოსოვო, სერბეთი და ჩერნოგორია.

აკრძალვის მიზანია კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის თავიდან აცილება. რობერტო სპერანცამ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის შესაკავებლად იტალიელების მიერ ამ თვეების განმავლობაში გაღებულ მსხვერპლს ქარს ვერ გაატანენ.

„მსოფლიოს პანდემია ურთულეს ფაზაშია. მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა მიღწეული პროგრესი დავიცვათ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close