fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიამ კორონავირუსის გამო სომხეთიდან და კიდევ 12 ქვეყნიდან შესვლა და ტრანზიტი აკრძალა

ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას გადაწყვეტილება

იტალიას, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მსოფლიოს 13 სახელწიფოსთვის აკრძალვა შემოაქვს ქვეყანაში შესვლაზე და ტვირთებისა და მგზავრების ტრანზიტულ გადაყვანაზე. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია 9 ივლისს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. აკრძალვა მომდევნო 2 კვირის განმავლობაში იმოქმედებს. ამის შესახებ corriere.it წერს.

„აკრძალულ“ სახელმწიფოთა შორისაა: ბაჰრეინი, ბანგლადეში, ბრაზილია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, დომინიკის რესპუბლიკა, მოლდოვა, ომანი, პანამა, სომხეთი, პერუ, ქუვეითი, ჩილე და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.

მთავრობის განკარგულება გულისხმობს ამ ქვეყნებიდან როგორც პირდაპირი, ისე ტრანზიტული ფრენის აკრძალვას.

„პანდემია ყველაზე მწვავე ფაზაშია… ჩვენ არ შეგვიძლია იმ მსხვერპლის ანულირება, რომელიც იტალიელებმა გაიღეს ამ თვეების განმავლობაში“, – განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას.

როგორც ცნობილია, იტალია ევროპაში კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა, ესპანეთთან, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად.

იტალიაში სტატისტიკა ყოველდღიურად სტაბილურად უმჯობესდება და ეპიდემია დასასრულისკენ მიდის. 9 ივლისის მონაცემებით, მსხვერპლთა რიცხვი ბოლო ერთ დღეში 12-ით გაიზარდა (წინა დღეს – 15-ით) და 34 926-ს მიაღწია; გამოჯანმრთელდა კიდევ 338 ადამიანი და მთლიანობაში გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 193 978-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტირებების შედეგად კორონავირუსით ინფიცირების კიდევ  229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ მაჩვენებელმა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 242 363-ს მიაღწია.

აქტიურ პაციენტთა რიცხვი 139-ით შემცირდა, 13 459-მდე, მათგან მძიმეა 69 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობენ.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის გარე საზღვრები პირველი ივლისიდან კვლავ გაიხსნა, თუმცა მხოლოდ 15 ქვეყნისთვის, რომელთა შორის საქართველოც არის. იტალიამ ამ ქვეყნებისთვის და, მათ შორის, საქართველოსთვის საზღვრები კი გახსნა, მაგრამ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი ძალაში დატოვა, ამასთან, რომის და მილანის აეროპორტები – ფიუმიჩინო და მალპენსა კონტროლს აძლიერებენ არა მარტო „შავი სიის“, არამედ ყველა სხვა ქვეყნიდან იტალიაში შემსვლელი მგზავრებისთვის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close