fbpx
მსოფლიოქართველები უცხოეთში

დუბლინის ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ირლანდიის სამთავრობო ღონისძიებაში პირველად მიიღო მონაწილეობა

2020 წლის 12 ივლისს დუბლინის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, პირველად ირლანდიის ისტორიაში, ომებში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჩართულობა ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაში შესაძლებელი გახდა ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინში მოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, მამა დავით ლონერგანის ერთობლივი ძალისხმევისა და გაწეული მუშაობის შედეგად.

აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაზე მამა დავით ლონერგანია ირლანდიაში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოადგენდა. იგი ქართულ ენაზე მიესალმა საზოგადოებას და ირლანდიურად და ინგლისურად წაიკითხა სახარებიდან შესაბამისი თავი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის და, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია ირლანდიის მთავარი ტელევიზიით მიმდინარეობდა.

უკვე 16 წელია, დუბლინში მოქმედი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, მამა დავით ლონერგანის წინამძღვრობით,  ირლანდიაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით და ხელშეწყობით ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა „ლამპარი“, რომელიც ირლანდიაში ქართული ენისა და კულტურის კერად იქცა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close