ტაბახმელაში ძაღლმა გიურზის თავდასხმისგან 5 წლის ბავშვი იხსნა (ვიდეო)
სოფელ ტაბახმელაში ჰასკიმ 5 წლის ბავშვი გადაარჩინა და გიურზის დაგესვლის მიუხედავად თავადაც გადარჩა.
ჰასკი ძალიან ჭკვიანი, ენერგიული და მეგობრულია ძაღლი რომ არის, ამის შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ შეუპოვარი „ჯარისკაციც“ რომ ყოფილა, ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
„დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკიზე.
წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის „რაღაცას“ ეს „რაღაცა“ კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში.
მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემატკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა „ჯარისკაცის“ გამარჯვების შესახებ. ვფიქრoბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო, ეზოში ბავშვი რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო.
სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრია აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“, – წერს ვახტანგ ლომჯარია.
სტატიას ვიდეო დაემატა 00:30 სთ-ზე; 12.07.2020
კომენტარები