ევროკავშირის რომელ ქვეყნებში შეძლებენ ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები მოგზაურობას
„ევროკავშირის უკლებლივ ყველა ქვეყანამ აღიარა ჩვენი წარმატება პანდემიასთან ბრძოლის ნაწილში და ის ფაქტი, რომ საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყანას შორის, ვისთანაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები უსაფრთხოდ მიიჩნევენ საზღვრის გახსნას, არის თავისთავად ძალიან დიდი გამარჯვება“, – განაცხადა დღეს, 3 ივლისს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დიალოგი და ზუსტდება დეტალები ქვეყნებთან, რომელთაც საზღვრის გახსნის განსხვავებული რეჟიმები დააწესეს.
„თითოეულ ქვეყანას აქვს დადგენილი საზღვრის გახნის თავისი რეჟიმი. მაგალითად, ავსტრიამ აირჩია, რომ არ გაეხსნა საზღვრები ევროკავშირის ქვეყნების გარდა სხვებისთვის, იტალიამ კი გადაწყვიტა, რომ გაეხსნა, მაგრამ 14-დღიანი კარანტინით. ასევე, შვედეთთან დაკავშირებით გავიგეთ გუშინ, რომ მზად არიან გახნან საზღვარი ტესტის გავლის პირობით. არიან ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობენ ყოველგვარი ტესტირების და კარანტინის გარეშე საზღვრების გახსნას, სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ აქტიურად“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეები შვედეთში მოგზაურობას 4 ივლისიდან შეძლებდნენ და შვედეთმა საზღვარი საქართველოს გარდა ევროკავშირის მიერ რეკომენდებულ 14 სხვა ქვეყანასაც გაუხსნა, თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედეთი ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს საზღვრებს 31 აგვისტომდე არ გაუხსნის, მათ შორის, არც ევროკავშირის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებულ 15 ქვეყანას.
ამასთანავე, ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, გამარტივდება საზღვრების გადაკვეთის პროცედურები ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება შვედეთის მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციაზე დაყრდნობით არის მიღებული და 4 ივლისიდან შევა ძალაში.
საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს გახსნის შვეიცარია, თუმცა მხოლოდ 20 ივლისიდან. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
დიპლომატიური უწყების ცნობით, ინფორმაცია ახალი წესებისა და ზომების შესახებ, რომლებიც 20 ივლისიდან ამოქმედდება, საიტზე განთავსდება.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შვეიცარიის საზღვრები 20 ივლისამდე დაკეტილია“, – აცხადებენ საელჩოში.
საქართველოს მოქალაქეებს პირველი ივლისიდან შესვლა შეუძლიათ საბერძნეთში, სადაც ჩასული მგზავრების შერჩევითი ტესტირებები ტარდება და კორონავირუსით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში მგზავრს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს სპეციალურ საკარანტინო სასტუმროში.
გუშინ (2 ივლისი), აგრეთვე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს საზღვარი გაუხსნა იტალიამ, თუმცა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემსვლელებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი უკვე გახსნეს ესპანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმაც.
ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მესამე (ევროკავშირის არაწევრი) ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდება, თუმცა ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ ავსტრიაში ბინადრობის უფლების მქონე მოქალაქეებს, რომლებმაც საზღვარზე კოვიდტესტის პასუხი უნდა წარადგინონ.
საქართველოს მოქალაქეები მოგზაურობას ჯერჯერობით ვერც დანიაში შეძლებენ. დანიამ ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული სიიდან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება ექვსი ქვეყნისთვის მიიღო და მათ შორის საქართველო არ არის. აღნიშნული ქვეყნებია: ავსტრალია, კანადა, იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა და ტაილანდი. შესაბამისი ინფორმაცია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველო არ არის არც იმ 8 ქვეყანას (ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სამხრეთ კორეა და ტაილანდი) შორის, რომლებსაც პირველი ივლისიდან ჩეხეთმა გაუხსნა საზღვარი.
უნგრეთმა კი თავისი საზღვრები ევროკავშირის არაწევრი ყველა ქვეყნისთვის დაკეტილი დატოვა, სერბეთის გარდა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის საქართველოცაა.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.
საქართველოდან ბრიტანეთში ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სია იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეებსაც ბრიტანეთში ჩასვლის შემთხვევაში14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის ვალდებულება არ აქვთ და ამ 59 ქვეყანას შორის საქართველო არ არის, თუმცა არის იტალია, გერმანია, ესპანეთი და საფრანგეთი. სია ძალაში 10 ივლისიდან შევა.
მთავრობის ოფიციალური განცხადების თანახმად, სიაში მოხვედრილ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება და მთავრობა უფლებას იტოვებს, ვითარების გაუარესების შემთხვევაში შეზღუდვები ისევ დააწესოს. სია შესაძლოა, მომდევნო დღეების განმავლობაში განახლეს.
ნინო ხოშტარია
სტატია განახლებულია (დაემატა ბოლო 2 აბზაცი) 22:30 სთ-ზე
კომენტარები