fbpx
მოგზაურობამსოფლიო

გერმანია და საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნიან, ავსტრია კი შეზღუდვას 30 სექტემბრამდე ახანგრძლივებს

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის გამო ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს 2 ივლისიდან აუქმებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა შეეხება ევროკავშირის არაწევრ 11 ქვეყანას, მათ შორის: ავსტრალიას, საქართველოს, იაპონიას, კანადას, მონტენეგროს, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას, ტაილანდს, ტუნისს, ურუგვაისა და ჩინეთს.

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ ივლისს მიიღო. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვების მოხსნა არ შეეხება იმ ქვეყანებს, რომელთა მოქალაქეებს შეზღდუვები მანამდე ევროკავშირმა მოუხსნა. იაპონიასთან, სამხრეთ კორეასა და ჩინეთთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქდება შესვლის შესაძლებლობების საპასუხო დაშვებიდან გამომდინარე.

საფრანგეთი, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკუთარ საზღვრებს იმ 15 ქვეყნისთვის გახსნის, რომლებიც ევროკავშირმა უსაფრთხოდ გამოაცხადა, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, გადაწყვეტილების შესახებ საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ჟან-ბატისტ ლემუანმა ტვიტერის მეშვეობით განაცხადა.

საფრანგეთს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საზღვრები 15 ივნისიდან გახსნილი აქვს, ასევე დაშვებულია მიმოსვლა ანდორასთან, ისლანდიასთან, ლიხტენშტაინთან, ნორვეგიასთან, სან მარინოსთან, შვეიცარიასთან და ვატიკანთან. გამონაკლისი იქნება ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი, საიდანაც ჩასულ მგზავრებს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ, რადგან ამ ქვეყნებში საფრანგეთის მოქალაქეებზე მსგავსი რეგულაციები მოქმედებს.

გერმანიისა და საფრანგეთისგან გან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლა 30 სექტემბრამდე იქნება შეზღუდული. ამგვარ შეზღუდვას ავსტრია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის აწესებს.

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მესამე (ევროკავშირის არაწევრი) ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდება, – ამის შესახებ ავსტრიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ ქვეყნების იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც ავსტრიაში ბინადრობის უფლება აქვთ. საელჩოს ინფორმაციით, მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ კოვიდტესტი (PCR Test), რომელიც გაცემული უნდა იყოს არაუგვიანეს ოთხი დღისა ან, თუ ისინი ტესტის პასუხს არ წარადგენენ, 14-დღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარებინ.

„ასევე, გამონაკლისის სახით დაიშვებიან ტრანზიტული მიზნით მომავალი მგზავრები, რომლებმაც თან უნდა იქონიონ დანიშნულების ქვეყანაში გასამგზავრებელი საჭირო დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრებს უწევთ ტრანზიტული ზონის დატოვება, მათ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად კოვიდტესტიც (PCR Test) უნდა წარადგინონ.

აგრეთვე, ნებადართულია ბიზნესმენების, ხელოვანებისა და სპორტსმენების ვიზიტების განხორციელება დადასტურებულ პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, რაც ასევე დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით.

მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, აგრეთვე, შესაძლებელია ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტაციით.

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში მოგიწოდებთ, ავსტრიაში გამგზავრებამდე გაეცნოთ ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს. საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: +43 676 3358590“, – ნათქვამია ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

საქართველოს მოქალაქეებს პირველი ივლისიდან არც ჩეხეთმა გაუხსნა საზღვარი.

ინტერნეტპორტალ „შენგენვიზა ინფოს“ ცნობით, ჩეხეთმა ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული სიის საფუძველზე საკუთარი სია შეიმუშავა, რომელშიც რვა ქვეყანა შეიყვანა: ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სამხრეთ კორეა და ტაილანდი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

1tv.ge-ს მასალების მიხედვით

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close