იტალიასაზოგადოება

იტალიაში გასულ 24 საათში კოვიდ-19-ით 8 ადამიანი გარდაიცვალა

ინფიცირების ინდექსით Rt ლომბარდიას ლაციოს რეგიონმა გაუსწრო

იტალიაში გასულ 24 საათში კოვიდ-19-ით  8 ადამიანი გარდაიცვალა – ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პირველი მარტის შემდეგ, როცა კორონავირუსმა 5 ადამიანი იმსხვერპლა. 15 რეგიონში კოვიდისგან გარდაცვალების შემთხვევა ბოლო ერთ დღეში საერთოდ არ დაფიქსირებულა, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები გარდაიცვალნენ ლომბარდიაში (2), ლაციოში (1), პიემონტში (3), ლიგურიაში (1), უმბრიაში (1).  მთლიანობაში მსხვერპლთა რიცხვი ამ დროისთვის 34 716-ს აღწევს – ასეთია სამოქალაქო დაცვის სამსახურის ახალი მონაცემები, რომელსაც „ანსა“ აქვეყნებს

ბოლო თვეების მინიმუმზეა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობაც – გასულ ერთ დღეში ჩატარებული ტესტირებების შედეგად კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 259) და ინფიცირების საერთო რაოდენობამ, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 240 ათასს გადააჭარბა (240 136).

ამ დროისთვის აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 16 836-მდე შემცირდა, მათგან 1260 ჰოსპიტალიზებულია, 97 პაციენტი მძიმეა და მათ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობენ (წინა დღესთან შედარებით ეს მაჩვენებელი 8-ით შემცირდა). 15 479 ინფიცირებული სახლის პირობებში იმყოფება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით.

ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 188 584 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ გასულ 24 საათში ქალაქ მილანში ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა (მთლიანად ლომბარდიაში – 77, მილანის პროვინციაში – 4).

ინფიცირების ინდექსით Rt, 15-21 ივნისის მაჩვენებლებით, ლომბარდიას ლაციოს რეგიონმა გაუსწრო – გასულ კვირაში ინდექსი ლაციოში 1,24-მდე გაიზარდა (წინა მონიტორინგისას 1,12 იყო), ლომბარდიაში კი  1,01-ია (წინა მონიტორინგისას 0,98 იყო). ემილია რომანიაში Rt 1,01-ია – ამ სამ რეგიონში ინფიცირების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ერთზე მაღალია (შეგახსენებთ, რომ ინფიცირების ინდექსი Rt აღნიშნავს რაოდენობას, თუ რამდენ ადამიანს აინფიცირებს ყოველი ინფიცირებული: მაგ., Rt 1,01 ნიშნავს, რომ ყოველი 100 ინფიცირებული კიდევ 101 ადამიანს აინფიცირებს).

დანარჩენ რეგიონებში ინდექსი 1-ზე დაბალია, უმბრიაში კი საერთოდაც 0-ს უდრის – 15-21 ივნისს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა (წყარო: fanpage.it).

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close