fbpx
იტალიასაზოგადოება

ორიდან ერთი იტალიელი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას არ აპირებს

თითქმის ყოველი მეორე იტალიელი ამბობს, რომ არ გაიკეთებს Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრას, როდესაც ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ fanpage.it წერს

მართალია, ვირუსოლოგები, ეპიდემიოლოგები, ინფექციური დაავადების სპეციალისტები და მთელი სამეცნიერო საზოგადოება რამდენიმე თვეა ამტკიცებენ, რომ Sars-Cov-2-ისგან დაცვის ერთადერთი რეალური იარაღი ვაქცინაა და, უწინარეს ყოვლისა, „ფაზებისა“ და „ახალი ტალღებისგან“ თავისუფალ, ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების ერთადერთი საშუალება მასობრივი ვაქცინაციაა (მას შემდეგ, რაც ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება), მიუხედავად ამისა, კათოლიკური უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის, EngageMinds-ის (EngageMinds HUB dell’Università Cattolica) მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშის თანახმად, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, იტალიის მოსახლეობის დიდი ნაწილი – 41% აცრის გაკეთებას არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიტუაციაა აშშ-ში: ნიუ-იორკში აპრილის ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, მხოლოდ გამოკითხულთა 59%-მა განაცხადა, რომ მზადაა გაიკეთოს აცრა კოვიდის წინააღმდეგ და მხოლოდ 54%-ია თანახმა, საკუთარი შვილები აცრას.

იტალიაში კი 12-იდან 18 მაისამდე პერიოდში შემთხვევით შერჩეული 1000 ადამიანის გამოკითხვამ (კვლევა CAWI – Computer Assisted Web Interview – მეთოდოლოგიით ჩატარდა) აჩვენა, რომ ტერიტორიული თვალსაზრისით სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება რეგიონებში თითქმის არ არსებობს და ეს მაჩვენებლები ყველა რეგიონისთვის ერთნაირია. მხოლოდ შეიძლება აღინიშნოს, რომ საერთოეროვნულ მაჩვენებელთან შედარებით ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ცოტათი მეტია (43%) ცენტრალურ იტალიაში.

რაც შეეხება სოციალურ-დემოგრაფიულ ანალიზს, ვაქცინაციის მომხრეთა და მოტივირებულთა შორის სტუდენტები და ხანდაზმულები ჭარბობენ, ხოლო ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი უფრო 35-59 წლის ასაკობრივ ჯგუფშია – ვაქცინაციის ყველაზე მეტი მოწინაღმდეგე ამ ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება.

„მთლიანობაში, ყველაზე ახალგაზრდები და ყველაზე ხანდაზმულები ნაკლებად ყოყმანობენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, – განმარტავს  კვლევითი ცენტრის EngageMinds HUB-ის დირექტორი პროფესორი გვენდალინა გრაფინია, – თუმცა 35-იდან 59 წლამდე ასაკის ადამიანებს მის აუცილებლობაში ეჭვი შეაქვთ. კვლევას არ გამოუვლენია რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება ვაქცინაციის საკითხთან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს შორის“.

პროფესორ გრაფინიას მიაჩნია, რომ იტალიელთა ამგვარი დამოკიდებულება ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვაქცინის შესახებ ფეიკნიუსების ბრალია და ამ კუთხით სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს საგანმანათლებლო სამუშაოები, რადგან ვაქცინაცია, მისი თქმით, არ ნიშნავს მხოლოდ საკუთარი თავის დაცვას – ის ადამიანების სოციალური პასუხისმგებლობის აქტია მთელი საზოგადოების ჯანმრთელობასთან მიმართებაში.

რაც შეეხება ეპიდემიის სტატისტიკას: იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურის მიერ 25 ივნისის საღამოს წარმოდგენილი ახალი მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის ქვეყანაში დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 239 706 შემთხვევა (+296 გასულ 24 საათში); გარდაიცვალა 34 678 (+34 ბოლო ერთ დღეში), გამოჯანმრთელდა 186 725 პაციენტი. კორონავირუსით ინფიცირებული აქტიური პაციენტების რაოდენობა 18 303-ს უდრის, მათგან მძიმედ ფასდება 103-ის მდგომარეობა, რომლებსაც ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close