fbpx
ეკონომიკამოგზაურობასაქართველო

საქართველოში საერთაშორისო რეგულარული ფრენები პირველი ივლისიდან არ აღდგება

მთავრობა გადაწყვეტილებას ცვლის: „არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე რეგულარული ფრენების სრული მასშტაბით აღდგენა უპასუხისმგებლობა იქნებოდა“

საქართველოში საერთაშორისო რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, ფრენები პირველ აგვისტომდე არ აღდგება. ამ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათი თქმით, ამის შესახებ უკვე აცნობეს ავიაკომპანიებს, რომლებიც საქართველოს მიმართულებით რეგულარულ რეისებს ახორციელებენ.

სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ ავიაბილეთების შეძენისგან ამა თუ იმ მიმართულებით, რადგან ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით პერიოდულად იცვლება.

„მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით“, – აცხადებენ სააგენტოში.

ამასთან, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისები რამდენიმე მიმართულებით. სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ ჩარტერულ ფრენებთან დაკავშირებული ინფორმაცია ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე გახდება ცნობილი.

სააგენტოს მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე, დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „დიდი ალბათობით“ მოუწევდათ რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე რეგულარული ფრენების სრული მასშტაბით აღდგენა, მინისტრის აზრით, უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

ტურიზმის გახსნის საკითხთან დაკავშირებით კი თურნავამ აღნიშნა, რომ ელოდებიან ევროკავშირის გადაწყვეტილებას კავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემსვლელი ტურისტებისთვის საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, თავად ევროკავშირის შიგნით საზღვრები გაიხსნა, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა მაინც აწესებს შეზღუდვას: მაგ., ხორვატიაში ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ჩასულებმა სავალდებულო 2-კვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ, ხოლო იტალიის კუნძულ სარდინიაზე ჩასვლამდე მოგზაურებმა ინტერნეტით წინასწარი განაცხადი უნდა გააკეთონ და სპეციალური ფორმა შეავსონ.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, მთავრობა რამდენიმე მიმართულებით მუშაობს საერთაშორისო ვიზიტორების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით. კერძოდ, ცალკე წესები შემუშავდა სტუდენტების და საქმიანი ვიზიტორებისთვის. ეს წესები უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გეგმით, საერთაშორისო ტურიზმი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო. საქართველო მოლაპარაკებას აწარმოებდა ისრაელთან და ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისრაელში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო ისრაელიდან ვიზიტორების შემოსვლის საკითხი გადაიდო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close