ეკონომიკაიტალია

ექსპერტებმა დაასახელეს იტალიის ქალაქები, რომლებსაც კრიზისი ეკონომიკურად ყველაზე მეტად აზარალებს

იტალიის უდიდეს დასახლებულ პუნქტებს შორის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო ყველაზე მძიმე ეკონომიკური შედეგები ტურინს, ვენეციას და გენუას ექნება, ნათქვამია იტალიის ქალაქების ეროვნული ასოციაციის (Anci) კვლევაში.

სწორედ ეს სამი დიდი ქალაქია ყველაზე მეტად დამოკიდებული ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებიც პანდემიის ეკონომიკური კრიზისის გამო ყველაზე მეტად დაზარალდებიან, – აღნიშნავენ ექსპერტები. ეს სექტორებია ავტომრეწველობა, ტურიზმი და საზღვაო გადაზიდვები.

მათი გამოთვლით, იმ საწარმოთა ამონაგები, რომლებიც ზემოჩამოთვლილ სამ ქალაქშია განლაგებული, 2020 წელს შემცირდება 11,8%-ით (პოზიტიური სცენარის შემთხვევაში) ან 16,4%-ით (ნეგატიური სცენარის შემთხვევაში). მთლიანად იტალიისთვის ეს მაჩვენებლები უფრო მაღალია – 12,7% ან 18%, შესაბამისად.

22 მარტს პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მიერ გამოცხადებული საერთოეროვნული კარანტინის  (ლოქდაუნი) შედეგად მთლიანად გაჩერდა საწარმოო საქმიანობა იტალიაში სტრატეგიულად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების გარდა. შედეგად, ექსპერტები ეკონომიკის მრავალმილიარდიან დანაკარგებზე საუბრობენ ტურისტების არარსებობის და წარმოების და ექსპორტის მოცულობების შემცირების გამო. მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობის წლიური მაჩვენებელი 10-15%-ით შემცირდება, მიაჩნიათ ექსპერტებს, იტალიის ხელისუფლება კი 8-9%-იან შემცირებაზე საუბრობს.

ეკონომიკის მხარდაჭერის სამთავრობო პროექტები 7,5 მილიარდი ევროს გამოყოფას გულისხმობს ეკონომიკის მხარდასაჭერად (ამ სახსრების ნაწილი უკვე გამოიყო). ბიზნესისთვის პირდაპირმა გადახდებმა 10 მლრდ ევრო შეადგინა. თვითდასაქმებულმა მოქალაქეებმა უკვე 2-ჯერ მიიღეს დახმარება 600-800 ევროს ოდენობით (ერთ ჯერზე), აგრეთვე, მათ შეუძლიათ გამარტივებული სახით აიღონ კრედიტი 25 ათას ევრომდე. მთავრობამ დახმარება აღმოუჩინა სეზონურ მომუშავეებს, მიგრანტებს და შინადამხმარეებს. ევროკავშირის ფონდებიდან იტალიურ კომპანიებს, საერთო ჯამში, 170 მლრდ ევროს მიღება შეუძლიათ (ამ თანხის დიდი ნაწილი კრედიტია).

4 მაისიდან ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის ე. წ. მეორე ფაზა დაიწყო – მოიხსნა და შერბილდა ზოგიერთი შეზღუდვა, სამუშაოს დაუბრუნდა 4 მლნ-მდე ადამიანი. 18 მაისიდან თითქმის ყველა ორგანიზაციამ და საწარმომ განაახლა მუშაობა სანიტარიული უსაფრთხოების ნორმების დაცვით. რეგიონებს შორის თავისუფალი გადაადგილება 3 ივნისიდან აღდგა, ამავე დღეს იტალიამ სახელმწიფო საზღვარიც გახსნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალქეებისთვის.

იტალია ნელ-ნელა უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, ქვეყანაში უკვე კორონავირუსთან ბრძოლის მესამე ეტაპის ღონისძიებები მიმდინარეობს, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ დიდი დარტყმის შედეგების გამოსწორებას, რომელიც პანდემიამ ქვეყანას მიაყენა, დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close