fbpx
მოგზაურობამსოფლიო

„საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან მიიღო მყარი მხარდაჭერა, რომ იქნება ერთ-ერთი პირველი, ვისთვისაც საზღვრები გაიხსნება“

როდის შეძლებენ ქართველები მოგზაურობას ევროკავშირის ქვეყნებში?

ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად, მესამე ქვეყნებიდან შენგენის სივრცეში მგზავრობის შეზღუდვა მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 30 ივნისამდე გაგრძელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება და საზღვრები გაიხსნება მხოლოდ რიგი ქვეყნებისთვის, რომლებსაც წევრი ქვეყნები ერთობლივად შეარჩევენ.

„შერჩევა უნდა მოხდეს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა: ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, დანერგილი უსაფრთხოების ნორმები და ა.შ.

შერჩევის პროცესის დროს გამოყენებულ იქნება ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემები.

წევრი ქვეყნები შესაბამის გადაწყვეტილებებს კოორდინირებულად მიიღებენ. პირველ ეტაპზე შეზღუდვა მოიხსნება იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ევროკავშირის მსგავსი ან უკეთესია. ქვეყნების სია რეგულარულად განახლდება, რაც ქვეყნების დამატებას, ასევე ამოღებას გულისხმობს, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების თანახმად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ტურიზმის ადმინისტრაციაში ასევე განმარტავენ, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებისას საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან მყარი მხარდაჭერა მიიღო, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისთვისაც ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება.

„აღნიშნული განაპირობა როგორც საქართველოს წარმატებულმა ბრძოლამ კოვიდთან, ისე ტურიზმის ინდუსტრიაში დანერგილმა უსაფრთხოების მკაცრმა რეგულაციებმა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას ტურისტების მისაღებად და ქვეყნის, როგორც უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად აღიარებას, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყანას, რომელიც მზადაა, ყველა საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების დაცვით უმასპინძლოს ტურისტებს.

არაერთმა გავლენიანმა და მაღალრეიტინგულმა საერთაშორისო პლატფორმამ, მათ შორის: „ვაშინგტონ პოსტიმა“,  „სიენენმა“, „ფორბსმა“,„კონდე ნასტ თრეველმა“ და სხვა – ვრცელი სტატია და უმაღლესი შეფასება მიუძღვნა საქართველოს, როგორც წარმატებულ ქვეყანას ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით.

გავლენიანი გამოცემა „თაიმი“ ევროპაში საზღვრების გახსნას ეხმაურება. გამოცემის ინფორმაციით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ ერთმანეთში საზღვრების გახსნა დაიწყო, თუმცა გარკვეული სახის შეზღუდვები არ გაუქმებულა.

„ტურისტებს ამერიკიდან, აზიიდან, ლათინური ამერიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში სამოგზაუროდ მოცდა მოუწევთ. ევროპა საზღვარს ზოგიერთი ქვეყნისთვის მომავალი თვიდან გახსნის, მაგრამ დეტალები უცნობია“, – წერს „თაიმი“.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის შიგნით ქვეყნებისთვის სხვადასხვა რეგულაციაა დაწესებული და გარკვეული ტიპის შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება, რომელიც გულისხმობს როგორც 2-კვირიან კარანტინს, ისე ტესტირებას და სხვა საჭირო პროცედურებს.

ამ ეტაპზე ევროკავშირს ჯერ არ გამოუქვეყნებია რეკომენდაციები და რეგულაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს საზღვრის გახსნა მესამე ქვეყნებთან და რა მოთხოვნები ექნებათ ტურისტებთან ევროკავშირის ქვეყანაში საზღვრის კვეთისას“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close