fbpx
მოგზაურობამსოფლიო

გერმანიის მიერ გამოქვეყნებულ სარისკო ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ არის

გერმანიაში საქართველოდან ჩასულ მგზავრებს კარანტინში არ გადაიყვანენ

გერმანიაში საქართველოდან ჩასულ მგზავრებს კარანტინში არ გადაიყვანენ, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, რობერტ კოხის ინსტიტუტმა, რომელიც გერმანიაში ინფექციურ დაავადებებზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ფედერალური ჯანდაცვის საჯარო დაწესებულებაა, იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებიც რისკის შემცველად ითვლება და გერმანიაში ამ ქვეყნებიდან ჩასული მგზავრებისთვის კარანტინში გადასვლა სავალდებულოა.

„პანდემიასთან მიმართებაში საქართველოში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანა არ არის ამ სიაში და, შესაბამისად, საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის არ დგება კარანტინში გადასვლის აუცილებლობა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე წერია, რომ „მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ნებართვა გერმანიაში მგზავრობისათვის, კონკრეტული მიზნით, იქნება ეს სამსახურებრივი გარემოება, განათლების მიღება/გაგრძელება, მკურნალობა, 15 ივნისიდან მოხსნილი აქვთ კარანტინის გავლის ვალდებულება“.

აღსანიშნავია, რომ გერმანიამ კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის სახელმწიფოთა ჩამონათვალში საქართველოს ყველა უშუალო მეზობელი ქვეყანა შეიყვანა – სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი.

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მიერ გერმანიის მოქალაქეების საყურადღებოდ მომზადებულ რიგით მეორე ნუსხაში 130-მდე ქვეყანაა. მასში საქართველო შეყვანილი არ არის. გერმანიამ სარისკო ქვეყნების სიის გამოქვეყნება 15 ივნისიდან დაიწყო.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, სიაში თურქეთის გარდა გერმანელ ტურისტებში პოპულარული კიდევ რამდენიმე ქვეყანაა, მათ შორის, ეგვიპტე, ტაილანდი და მაროკო.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 888-ს მიაღწია, გარდაიცვალა 14 პაციენტი, გამოჯანმრთელებულია 731 ადამიანი. ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close