ვინ გეგმავდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვია და ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სუს-მა ეს ადამიანი სხვა ბრალდებით დააკავა, თუმცა რეალური მიზეზი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვაა.
როგორც გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რაც გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით „რუსთავი 2“-ზე მუშაობისას გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას უკავშირდება.
„კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან, არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
„გამოძიების მიერ მოპოვებული, უტყუარი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ მიიღო ვ. ბ.-ს დაკავების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მხილებული პირი და, იმავდროულად, თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და განმარტავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ ეტაპზეც ინტენსიურად მიმდინარეობს.
დღის ბოლოს გიორგი გაბუნიამ მასზე დაგეგმილ თავდასხმასა და შეკვეთილ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
„მე თვითონ ინფორმაციას არ ვფლობდი, მაგრამ ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი ჩემზე მიმდინარეობდა. მემ სიმართლე გითხრათ, ესეც არ შემიმჩნევია, მაგრამ დაცვამ ყურადღება გაამახვილა და ამის გამო მოხდა კიდეც დაცვის გაძლიერება. მანამდე ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მყავდა დაცვა და ამის შემდეგ უფრო გაძლიერდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კადიროვს არც დაუმალავს და ჩემი გამოსვლის შემდეგ მალევე თქვა, რომ ვინმე, სადმე შემხვდებოდა და რამე დამემართებოდა. ამის გარეშეც საფრთხე ძალიან ნათელი იყო, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის დაცვით გადავაადგილდებოდი“, – ამბობს გიორგი გაბუნია.
როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, არ ფლობდა ინფორმაციას, რომლის შესახებაც ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე ილაპარაკა, მაგრამ ამატებს, რომ ზოგადად, ინფორმირებული იყო, რომ საფრთხე ემუქრებოდა. „მოვიდა ჩემამდე ხმები, რომ ფრთხილად იყავი, საზღვარგარეთ, როდესაც მიდიხარ და ა.შ. მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია დღემდე არ მქონდა“, – თქვა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივლისში ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა, შენ ხარ ორღობის მეძავი“, – ამ სიტყვებით დაიწყო საავტორო მონოლოგი გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.
ამას რუსულ მედიაში გამოხმაურება მოჰყვა, განცხადება გააკეთა პუტინმაც და თქვა, რომ „ასეთი ადამიანების წინააღმდეგ საქმის აღძვრა დიდი პატივია“.
„ვიღაც გამოვიდა, რაღაც წამოროშა, საკუთარი თავის რაღაცად წარმოსაჩენად. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ახლა ყველა მასზე ლაპარაკობს“, – თქვა პუტინმა გაბუნიაზე.
მოგვიანებით გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გამოეხმაურა და დაიმუქრა. კადიროვმა დაწერა, რომ „მსოფლიოში მილიონი ახალგაზრდაა, რომლებიც ღრმად სცემენ პატივს ვლადიმირ პუტინს“ და რომ „გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს“.
კომენტარები