ქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

„სამუდამო საცხოვრებელში გადასახლდა ერთი კარგი ქართველი, მე ვიტყოდი, დიდი ქართველი“ – თესალონიკში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

დღეს დილით სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა – საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი ზაზა სულამანიძე. იგი 58 წლის იყო, წარმოშობით ბაღდათიდან. მან დააფუძნა ორგნიზაცია „თესალონიკის ქართველობა“ და ყოველნაირად ცდილობდა, საქართველო საუკეთესო მხრიდან წარმოეჩინა საბერძნეთში, გაეცნო ბერძნებისთვის ქართული კულტურა, ისტორია.

ზაზა სულამანიძე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო თესალონიკის ჰიპოკრატეს სახელობის საავადმყოფოში ივნისის დასაწყისში მოათავსეს. მისი ახლობლები სოციალურ ქსელში 5 ივნისს წერდნენ, რომ იგი საავადმყოფოში მოხვდა და დიდი რაოდენობით სისხლი სჭირდებოდა. არაერთმა ქართველმა გაიღო სისხლი თანამემამულის გადასარჩენად, მაგრამ, სამწუხაროდ, ექიმებმა მას ვერ უშველეს.

ზაზა სულამანიძის გარდაცვალების შესახებ ფეისბუქში ქართველი ემიგრანტი საბერძნეთში, ქალბატონი ნანი კბილაშვილი წერს:

„ამ დილით, ძალზე არასასიამოვნო ინფორმაცია მაცნო ფეის გვერდმა. ჩვენგან სამუდამო საცხოვრებელში გადასახლდა ერთი კარგი ქართველი, მე ვიტყოდი დიდი ქართველი. ჩვენი ემიგრაციის ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება, თავისი პრინციპულობით, კაცობით, ქართველობით – ზაზა სულამანიძე. ძნელია ემიგრაციაში თავის დამკვიდრება და უფრო ძნელია სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურო ამ არეულ დროსა თუ წუთისოფელში. მან ეს შეძლო. ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში იყო, რადგანაც ცდილობდა ჩვენი ერი წარმოეჩინა თავისი საუკეთესო თვისებებით, გაეცნო საბერძნეთისთვის ქართული კულტურა. მე სუბიექტური დამოკიდებულებაც კი მქონდა, რადგანაც ბაღდათელი იყო, ჩემი ძმის სკოლელი და ამიტომაც ძმად და მეგობრად მიმაჩნდა. დაგვაკლდები ძალიან ძმაო! ვუსამძიმრებ ოჯახს, სალონიკის ქართულ ემიგრაციას, ბაღდათს და საქართველოს. მთავარი ის კი არ არის, რამდენ ხანს იცოცხლებ, მთავარია როგორ იცხოვრებ. ძალიან დაგვაკლდები. ალალი იყოს ის ცრემლები, რომლებიც დაიღვრებიან ახლობლების თვალთაგან საბერძნეთშიც და საქართველოშიც. იძინე მშვიდად. შენ შენი ვალი მოიხადე. მსუბუქი იყოს მშობლიური მიწა, რომელიც მიგიბარებს. მშვიდობით!“, – წერს ქალბატონი ნანი ფეისბუქში.

nostal.ge-ს რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ზაზა სულამანიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close