საზოგადოებასაქართველო

13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა (ფოტოები)

თბილისის 13 ივნისის წყალდიდობიდან 5 წელი გავიდა. წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის ზაფხულში მოხდა. სტიქია 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. მან 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთაგან 2 ადამიანი დღემდე ნაპოვნი არ არის.

სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც, მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში მოხდა. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ,

წყალდიდობის შედეგად ქალაქის ცენტრში გამოქცეული ცხოველების ერთი ნაწილის ლიკვიდაცია აუცილებელი გახდა, რადგან შეუძლებელი იყო მათი დაძინება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ყველაზე ძლიერი დამაძინებელი წამალიც კი მინიმუმ 3-4 წუთში იწყებს მოქმედებასა და ცხოველის დაძინებას. ეს დრო კი ვეფხვისა და ლომისათვის სრულიად საკმარისია, რომ მასთან ახლოს მყოფი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.

15 ივნისის საღამოსთვის ზოოპარკის თანამშრომლებმა და დირექტორმა განაცხადეს, რომ საქართველოს დედაქალაქში, ზოოპარკის გარეთ, უკვე აღარცერთი მტაცებელი ცხოველი არ იმყოფებოდა. მათგან ზოგი დააძინეს და შემდეგ ზოოპარკში დააბრუნეს, ხოლო ზოგის ადგილზევე ლიკვიდაცია მოახდინეს, თუმცა ეს ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა: 17 ივნისს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში დამალულმა ვეფხვმა შენობაში შესული ოთხი თანამშრომლიდან ერთის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო დანარჩენებმა გაქცევა მოახერხეს. ორსაათიანი სპეცოპერაციის შედეგად ვეფხვის ლიკვიდაცია მოხდა.

2015 წელს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მსხვერპლი თბილისში პირველი არ იყო. პირველად არ მომხდარა ზოოპარკის დატბორვაც. ვერე ადიდდა და ქალაქის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1960,1963, 1972 და 1995 წლებში. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო 1972 წელს, როცა ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა კი საცხოვრებელი სახლები დატბორა და მანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც. 

წყარო: ვიკიპედია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close