კონტე სამი საათის განმავლობაში პასუხობდა გამომძიებელთა შეკითხვებს – კორონავირუსზე გამოძიება გრძელდება
როგორც იტალიური მედიასაშუალებები იუწყებიან, ბერგამოელ გამომძიებელთა ჯგუფი რომში, კიჯის სამთავრობო რეზიდენციაში დღეს დილის 10-ის ნახევარზე მივიდა. ბერგამოს პროკურატურის წარმომადგენლები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში საუბრობდნენ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესთან, რომელიც მოწმის სახით არის ჩართული გამოძიებაში ხელისუფლებების ქმედებებთან დაკავშირებით და ლომბარდიის ორ პატარა ქალაქში „წითელი ზონის“ არგამოცხადების ფაქტზე, კორონავირუსის ეპიდემიის საწყის ეტაპზე.
მოგვიანებით იტალიის მინისტრთა საბჭოს რეზიდენციაში შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები, ლუჩანა ლამორჯეზე და რობერტო სპერანცაც გამოცხადდნენ – გამომძიებლებმა მათგანაც მოისმინეს ინფორმაცია, როგორც მარტის დასაწყისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმირებული პირებისგან.
დღეს, la Stampa-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ მოქმედებდა „სინდისით და მეცნიერების მითითებების შესაბამისად“ და დღესაც არ შეცვლიდა თავის გადაწყვეტილებებს.
უფრო ადრე პრემიერმა აღნიშნა, რომ ლომბარდიის ხელისუფლებას საკმარისი შესაძლებლობები და უფლებამოსილებები ჰქონდა საიმისოდ, რომ ბერგამოს პროვინციაში მდებარე დასახლებების – ალცანოს და ნემბროს იზოლაცია თავადვე მოეხდინა.
როგორც გამოცემა la Repubblica აღნიშნავს, დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ბერგამოელი პროკურორები უკვე ესაუბრნენ ლომბარდიის პრეზიდენტს ატილიო ფონტანას და ჯანდაცვის რეგიონულ მრჩეველს ჯულიო გალერას. რომში ვიზიტის შემდეგ გამომძიებლებმა უნდა გაარკვიონ, საქმე ეხება ღრმად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს თუ ხელისუფლებების ქმედებებში კანონდარღვევა იკვეთება: ნამდვილად რთული განსასაზღვრია, რა მუხლი უნდა გამოიყენონ და ვის წინააღმდეგ იქნება ბრალდება მიმართული.
იტალიის მინისტრთა საბჭომ 22 თებერვლის საგანგებოდ მოწვეულ სხდომაზე დაადგინა ვირუსის გავრცელების 2 ზონა ქვეყნის ჩრდილოეთში, რომელთა იზოლაციაც მოხდა. ერთ ზონაში შევიდა ქალაქი კოდონიო (მილანთან ახლოს) და კიდევ 9 კომუნა მის გარშემო, ხოლო მეორე ზონაში კი მოხვდა ქალაქი ვო პადუის პროვინციაში, მეზობელ ვენეტოს რეგიონში. მკაცრ კარანტინში მოექცა დაახლოებით 50 000 ადამიანი.
ალცანოსა და ნემბროში პირველი პაციენტები კოვიდ-19-ის მსგავსი სიმპტომებით თებერვლის შუა რიცხვებში გამოჩნდნენ. მსხვერპლთა ნათესავები და ახლობლები ჩივიან, რომ არ მოხდა მათი იზოლაცია საავადმყოფოებში და სამედიცინო დახმარებამ დაიგვიანა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებებს „მასობრივ მსხვერპლშეწირვაში“ ადანაშაულებენ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რომელიც დღეს საღამოს სამოქალაქო დაცვის სამსახურმა წარმოადგინა, იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა გასულ 24 საათში 56-ით გაიზარდა და მთლიანობაში 34 223-ს აღწევს (მათგან ლომბარდიაზე 31 ლეტალური შემთხვევა მოდის). გამოჯანმრთელდა 173 085 პაციენტი (+1747 გუშინდელთან შედარებით).
მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ერთ დღეში 163-ით გაიზარდა და 236 305-ს მიაღწია (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით).
ამ დროისთვის იტალიაში 28 997 აქტიური პაციენტია, მათგან 227-ის (-9, ვიდრე გუშინ) მდგომარეობა მძიმეა და მათ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობენ.
ბერგამოს მერი ჯორჯო გორი ამტკიცებს, რომ მთელი პროვინციის მასშტაბით, რომელიც ეპიდემიის აფეთქების ერთ-ერთ კერად იქცა, კოვიდ-19-ის გამო დაახლოებით 6 ათასი ადამიანი დაიღუპა – ეს რიცხვი 2-ჯერ და კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკის მაჩვენებელი.
ნინო ხოშტარია
კომენტარები