14 ივნისამდე სავალდებულო რჩება ლომბარდიაში ნიღბების ან სასუნთქი გზების სხვა დამცავი საშუალებების ტარება ღია სივრცეში. ამას განსაზღვრავს ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტის, ატილიო ფონტანას მიერ ხელმოწერილი ახალი განკარგულება, რომელიც პირველი ივნისიდან შედის ძალაში და 14 ივნისამდე იმოქმედებს. ამის შესახებ tgcom24 წერს.
1-ლი ივნისიდან რეგიონში იხსნება სპორტდარბაზები, საცურაო აუზები, კულტურული და გამაჯანსაღებელი კლუბები.
DPCM-ით (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის/პრემიერ-მინისტრის ბრძანებულება) დადგენილი ზომების თანახმად, ფიზიკური აქტივობა ნებადართულია ღია სივრცეში ისევ ორი მეტრის დისტანციის დაცვით; ღია იქნება დასასვენებელი და გასართობი პარკები.
სავალდებულო რჩება ტემპერატურის გაზომვა როგორც დამსაქმებლისთვის, ისე თანამშრომლებისთვის, აგრეთვე, რესტორნის ან დაწესებულების თითოეული კლიენტისთვის.
15 ივნისიდან ლომბარდიაში გაიხსნება ბავშვთა და მოზარდთა (3-იდან 17 წლამდე) საზაფხულო ბანაკები და ორატორიუმები (სამრევლო ეკლესიის მომიჯნავე სივრცე, სადაც ბავშვები და ახალგაზრდები კულტურული, სულიერი თავშესაქცევი საქმიანობით არიან დაკავებულნი – რედ. შენიშვნა).
ამავე დღეს შესაძლებელია განახლდეს კინოთეატრების და თეატრების საქმიანობა, გაიხსნას არენები და აღდგეს სპექტაკლების ჩვენება; რეპეტიციების ჩატარება პირველი ივნისიდან შესაძლებელია მაყურებლის გარეშე, რეგიონთაშორისი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.
ყველა ზემოჩამოთვლილი აქტივობის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს რეგიონების კონფერენციის მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელო მითითებები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
რაც შეეხება ლომბარდიის სტატისტიკას კორონავირუსის გავრცელების მხრივ: 30 მაისის საღამოს მონაცემებით, რომელიც იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურმა წარმოადგინა, გასული 24 საათის განმავლობაში ლომბარდიაში კორონავირუს SARS-CoV-2-ით ინფიცირების 221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (მთლიანად იტალიაში – 416); ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 172 მძიმე პაციენტი რჩება (მთლიანად იტალიაში – 450); გასული ერთი დღის განმავლობაში ლომბარდიაში 68 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ-19-ით და მთლიანობაში ეს მაჩვენებელი რეგიონში 16079-ს შეადგენს (სულ იტალიაში მსხვერპლთა რიცხვი 33340-ია, რაც 111-ით მეტია გუშინდელთან შედარებით).
ამ დროისთვის ლომბარდიაში კორონავირუსით ინფიცირებული 21 809 აქტიური პაციენტია (-874 გასულ ერთ დღეში), მაშინ როდესაც მთლიანად იტალიაში ეს მაჩვენებელი 43 691-ს უდრის (2484-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ).
ციცი ხაბელაშვილი
წყარო
კომენტარები