იტალიასაზოგადოება

ევროკავშირის ქვეყნებს შორის საზღვრები 15 ივნისს უნდა გაიხსნას – ლუიჯი დი მაიო

კორონავირუსის ახალი სტატისტიკა და ახალი ჯარიმები რომში

კორონავირუსი: 26 მაისის სტატისტიკა იტალიაში, რომელიც სამოქალაქო დაცვის სამსახურმა წარმოადგინა, ასეთია: მთლიანობაში 230 555 ადამიანია ინფიცირებული (გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით), 397-ით მეტი, ვიდრე გუშინ, მათგან 159 შემთხვევა ლომბარდიაში დაფიქსირდა. ამის შესახებ Ansa წერს.

4 რეგიონში – სარდინიაში, კალაბრიაში, მოლიზესა და ბაზილიკატაში, აგრეთვე, ბოლცანოს ავტონომიურ პროვინციაში გასულ 24 საათში ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ბოლო ერთ დღეში იტალიაში კორონავირუსს 78 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2 მარტის შემდეგ, მათგან 22 – ლომბარდიაში. მთლიანობაში კოვიდ-19-ის მსხვერპლთა რაოდენობამ 32 955-ს მიაღწია.

რაც შეეხება აქტიურ პაციენტებს, ამ დროისთვის მათი რიცხვი 52 942-ია, რაც 2358-ით ნაკლებია, ვიდრე გუშინ. მათგან 521 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა (ეს მაჩვენებელი ერთ დღეში 20-ით შემცირდა), ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში იმყოფებიან. 183 მძიმე პაციენტი ლომბარდიაშია, 13-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისთვის სულ 144 658-ს შეადგენს, გასულ 24 საათში მათი რიცხვი 2 677-ით გაიზარდა.

მათი 30%-ისთვის, ვინც კორონავირუსით იყო ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა, არსებობს რისკი, რომ დაავადება ფილტვების ქრონიკულ პრობლემებს დაუტოვებს, განაცხადა დღეს, 26 მაისს იტალიის პნევმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლუკა რიკელდიმ.

ფილტვებისთვის სერიოზული საფრთხე გამოჯანმრთელებიდან  6 თვის განმავლობაში შენარჩუნდება, ამიტომ საჭიროა, რომ მედიცინის ამ სფეროს მხარდაჭერა ქვეყანაში კიდევ უფრო გაძლიერდეს, – აცხადებს რიკელდი.

რაც შეეხება იტალიის რეგიონებს შორის თავისუფალი მიმოსვლის აღდგენას, ამ საკითხთან დაკავშირებით მონიტორინგი 29 მაისს ჩატარდება – ამის შესახებ დღეს ლომბარდიის პრეზიდენტ ლუკა ძაიასა და რეგიონების საქმეთა მინისტრ ფრანჩესკო ბოჩას შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. გუბერნატორმა და მინისტრმა განაცხადეს, რომ მათი შეხვედრა სასარგებლო და საქმიანი იყო. ყველა თანხმდება იმაზე, რომ საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე. საბოლოო გადაწყვეტილებას, არსებული მონაცემების შეჯერების საფუძველზე, ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა მიიღებს და ეს გადაწყვეტილება 29 მაისს გახდება ცნობილი.

„თუ რისკი დაბალი იქნება, რეგიონებს შორის თავისუფალი მიმოსვლა 3 ივნისიდან აღდგება“, – განაცხადა ფრანჩესკო ბოჩამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი მიმოსვლის აღდგენის საკითხზე მუშაობენ და საზღვრები 15 ივნისს უნდა გაიხსნას. ამის შესახებ ლუიჯი დი მაიომ თავის Twitter-ის გვერდზე დღეს (26 მაისი) დაწერა.

მთელი ევროკავშირის მიზანია ეკონომიკის თავიდან ამუშავება (რესტარტი), ხოლო კონკრეტულად იტალიისთვის – უცხოელი ტურისტების დაბრუნება, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, წერს მინისტრი.

რომში დღეს ახალი ჯარიმები შემოიღეს – იმ პირებს, რომლებიც ნახმარ ერთჯერად ხელთათმანებს და პირბადეებს ქუჩაში დაყრიან, ფულადი სანქციები დაეკისრებათ. Roma Today-ს ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას დედაქალაქის მერმა ვირჯინია რაჯიმ 26 მაისს მოაწერა ხელი.

დადგენილების თანახმად, იტალიის დედაქალაქში აკრძალულია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების – ნიღბების და ხელთათმანების დაყრა ქუჩებში, ტროტუარებზე, პარკებში, მოედნებსა და ტიბროსის სანაპიროებზე, აგრეთვე ოსტიის ზღვისპირა რაიონში (ეკუთვნის რომის ადმინისტრაციას). ამგვარი ქმედებებისთვის ჯარიმა 25-იდან 500 ევრომდეა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close