საზოგადოებასპორტი

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2013 წელს, 21 წლის ასაკში, მოდელ ნეკა (ნელი) დოროყაშვილზე დაქორწინდა. ორი წლის შემდეგ, 2015 წლის 4 მაისს მათ ვაჟი – ლუკასი შეეძინათ.

ჭორები წყვილის დაშორების შესახებ ბოლო რამდენიმე თვეა ვრცელდებოდა, თუმცა ოფიციალური კომენტარი ამასთან დაკავშირებით არც ჩოგბურთელს და არც მის ყოფილ მეუღლეს არ გაუკეთებია.

ნეკა დოროყაშვილი სტუდენტობისას Miss University გახდა, მოგვიანებით იგი GIPA-ში პიარს სწავლობდა. ნეკა საქართველოში ცხოვრობს და დროდადრო სხვადასხვა სარეკლამო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს.

წყვილმა ერთმანეთი საერთო სანაცნობო წრეში გაიცნო. წელიწად-ნახევარი შეყვარებულები იყვნენ, თუმცა ნიკოლოზის გადატვირთული რეჟიმის გამო ხანდახან ერთი-ორი თვეც ვერ ნახულობდნენ ერთმანეთს. როგორც თვითონ ამბობდნენ, თანამედროვე ქორწილი გადაიხადეს მოკრძალებულად, სამეგობრო წრეში.

„ერთმანეთი რომ ვნახეთ, თავიდანვე მივხვდით, რომ ეს განსხვავებული რაღაც იყო, მეგობრობით რომ იწყებენ და მერე გადადიან სასიყვარულო ურთიერთობაში, ასე არ ყოფილა, თავიდანვე მოწონებით დაიწყო ყველაფერი, მითხრა მომწონხარო… ნიკა, პირველ რიგში, იმით მომეწონა, რომ თავის ასაკთან შედარებით ზრდასრული ადამიანივით აზროვნებს, ძალიან საინტერესო პიროვნებაა ჩემთვის. როცა გავიცანი, 20 წლის იყო, როგორც წესი, ასეთი ასაკის ბიჭები ჩამოყალიბებული არ არიან. ნიკოლოზმა კი ისეთი ცხოვრების გზა განვლო, რომ დამოუკიდებლ ადამიანად ჩამოყალიბდა. მომხიბლა მისმა თვისებებმა, ხასიათმა, გარეგნობამ. იმან, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენია და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს.

ყველას მიმართ ყურადღებიანია, ხანდახან მიკვირს კიდეც, ამდენ რამეს როგორ ასწრებს. მართლა არასდროს აქვს დრო. სულ ვარჯიშობს. სიურპრიზები და საჩუქრის გაკეთება ძალიან უყვარს.

თქვენს მეუღლეს ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა ჰყავს. ხომ არ ეჭვიანობთ?

არა, არ ვეჭიანობ. ნიკას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ფეისბუქშიც სწერენ და მესიჯებსაც უგზავნიან, მაგრამ საერთოდ არ ვეჭვიანობ, საეჭვიანო რა არის? ნიკა ამის საბაბს არ მაძლევს, არც შეყვარებულობის პერიოდში მაძლევდა. რაღაც სხვანაირი ადამიანია. ბუნებით ძალიან ერთგულია. როცა თაყვანისმცემლები სწერენ, პირიქით, მიხარია“, – ამბობს ნეკა დოროყაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც 2015 წელს ჟურნალ „სარკეში“ დაიბეჭდა.

ნეკა სოციალური ქსელების საკმაოდ აქტიური მომხმარებელია და თამამ ფოტოებსაც აქვეყნებს.

ნეკას მიაჩნია, რომ ქმრის (ახლა უკვე ყოფილი) წარმატებაში მისი წვლილიცაა.

„პატარა წვლილი ალბათ მეც მაქვს მის წარმატებაში, ჩემი კარიერა დროებით გადავდე­ და ოჯახზე გადავერთე, დავყვებოდი ტურნირებზე. ასე რომ, მისი წარმატება ჩემი წარმატებაც არის.

სპორტსმენისთვის მთავარი ოჯახში იდილიაა, ზედმეტად არ უნდა დატვირთო ყოველდღიური პრობლემებით. ძიძა არასდროს მყოლია, დედაჩემი და ოჯახის სხვა წევრები მეხმარებიან. არც საოჯახო საქმეებში მყავს დამხმარე, საჭმელსაც მე ვაკეთებ და ბავშვსაც თავად ვუვლი. ჩვენი ოჯახის საყვარელი კერძია „ბორშჩი“, ტკბილეულიდან „ცხელი ბრაუნი” გამომდის კარგად“, – ამბობდა ნეკა ერთ-ერთ ინტერვიუში.

დღევანდელი ამბებით თუ ვიმსჯელებთ, გლამურული ცხოვრება მხოლოდ ფასადი იყო, სიყვარულის ლამაზი ისტორია ოჯახური ძალადობის ბრალდებით დასრულდა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას 24 მაისს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, მან ეს თანხა გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება.

საპატიმროს დატოვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელი სახით გთავაზობთ:

„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

რაც შეეხება, 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა.

ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები.

სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“.

შეგახსენებთ, რომ წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

ამ სევდიანი ისტორიის მთავარი დაზარალებული 5 წლის ლუკასია. ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკოლოზ ბასილაშვილი ამბობდა, რომ უნდა მისი ვაჟი ლუკასი მამასავით ჩოგ­ბურ­თე­ლი გახ­დეს.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

ამავე თემაზე: საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close