ბასილაშვილის ადვოკატი ადასტურებს, რომ ჩოგბურთელი ყოფილ მეუღლეს დაფინანსებას უწყვეტს და ქონებრივ დავას იწყებს
მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, 28 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას იწყებს და ნეკა დოროყაშვილისთვის ყველა სახის ფინანსურ დახმარებას წყვეტს. ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ წერს. გამოცემის ცნობით, ინფორმაცია მათ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დაუდასტურა:
„დიახ, ვაპირებთ ყველა იმ ქონებაზე დავას, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ არის შეძენილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ასევე წყვეტს ყველა სახის ფინანსურ დახმარებას, ვინაიდან მორჩეს სპეკულაციები, თითქოს სიჩუმის სანაცვლოდ უხდიდა ის ამ თანხებს. ახლა ეს დაფინანსება შეწყდება და შეუძლიათ გამოაქვეყნონ, რაც სურთ“, – ამბობს ადვოკატი ირმა ჭკადუა.
ერთ-ერთი სადავო ქონება ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ძვირადღირებული ბინაა. „პრაიმტაიმი“ დღეს ამ ბინასთან იმყოფებოდა, თუმცა ნეკა დოროყაშვილმა მედიასთან კომუნიკაცია არ ისურვა.
თავის მხრივ, ნეკა (ნელი) დოროყაშვილის ადვოკატებმა მისი და ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ყოფილ მეუღლეს ნეკასთვის მხოლოდ 15 ათასი დოლარი აქვს გადახდილი:
„გვსურს შევეხოთ 100 ათასი დოლარის საკითხს. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არის ქონებრივი ინტერესი და საქმე ამიტომ არის აღძრული. ეს საკითხი შემდეგია. ადამიანები თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების თანამესაკუთრეები არიან. საქართველოს კონსტიტუციით, ერთად ცხოვრების დროს შეძენილი ქონება განქორწინების დროს ყოფილ მეუღლეებს ეკუთვნით. 100 ათასი დოლარი, თითქოს ეს იყო ბასილაშვილის საჩუქარი და წყალობა, არასწორია. ეს არის თანხა, რომელიც სასამართლომ მიაკუთვნა ნელი დოროყაშვილს. გაიყო ქონება ორ კონკრეტულ ნაწილად. ნელი დოროყაშვილი გაცილებით ნაკლებ თანხას დათანხმდა, რადგან არ სურდა, დავაში შესვლა და ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით სასამართლოს მიდევნება. ის დათანხმდა მორიგებაზე. თანხა, რომელიც ჯერ არ გადახდილა, მხოლოდ 15 ათასი დოლარის გადახდა განხორციელდა. ეს ხდება გაწერილი ვადის მიხედვით. ასე რომ, კამათი და ჭორები, რომ ნიკოლოზი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ მეუღლეს უსაფუძვლოა“, – განაცხადეს ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა.
„პრაიმტაიმის“ მტკიცებით, ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის მიმართ აგრესიული მას შემდეგ გახდა, რაც გაიგო, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი შეყვარებულია და მალე დაქორწინებასაც აპირებს. დოროყაშვილი თავისი ოჯახის დანგრევას საკუთარ მეგობრებთან საუბრისას ყოფილ დედამთილს აბრალებდა, რომელსაც უჩივლა კიდეც და ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის წინააღმდეგ საქმე ბავშვზე ძალადობის მუხლით აღიძრა, თუმცა სასამართლომ ბასილაშვილის დედა უდანაშაულოდ ცნო.
„პრაიმტაიმი“ წერს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტაა. გოგონა კარგად თამაშობს ჩოგბურთს და ასევე ხელბურთსაც. მისივე ინფორმაციით, ქართველმა ჩოგბურთელმა თავისი გერმანელი რჩეული ნათესავებსაც გააცნო. გამოცემის მტკიცებით, სარწმუნო წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ შარლოტა ახლა ნიკოლოზთან ერთად თბილისშია.
კომენტარები