ქართველები უცხოეთშიბლიც-ინტერვიუ

ქართველი ნიჭიერია, სწრაფად უღებს ალღოს ყველაფერს და თვითონ ხდება მასპინძელი უცხო ქვეყანაში – გიული ერგემლიძე

ქართველი მუსიკის პედაგოგი, მევიოლინე გიული ერგემლიძე, რომელიც 24 წელია სამშობლოდან შორს, საფრანგეთში ცხოვრობს, ლანა ბიბილურიძის ბლიც-შეკითხვებს პასუხობს:

ცოტა რამ ჩემ შესახებ (ჩემი განვლილი გზა)…

სპეციალობით ვარ მევიოლინე. საქართველოში ნიკო სულხანიშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლის პედაგოგი ვიყავი, ბევრ ბავშვს შევაყვარე მუსიკა და დღესაც აგრძელებენ, ზოგი ჩემი აღზრდილი ახლა პედაგოგია.

ჩემი ცხოვრების მეორე ეტაპია საფრანგეთის პერიოდი, ისევ ჩემმა მუსიკის სიყვარულმა გამიხსნა გზა და საშუალება მომცა, თავი კარგად მეგრძნო, ბედნიერად გადამეტანა დღეები, გამეცნო ახლოს ფრანგი ხალხი და გამეჩინა უამრავი ქალი მეგობარი, რომლებიც სიხარულით მპატიჟობდნენ თავისთან, რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო; ამით კი საშუალება გეძლევა, რომ ადვილად და სწრაფად შეეჩვიო უცხო გარემოს, სწავლობ მათ კულტურას და ურთიერთობას იწყებ მათთან.

ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი არსებობდა ხელოვანთა ასოციაცია, სადაც შეკრებილნი იყვნენ როგორც პროფესიონალი ხელოვანი ხალხი, ისე მოყვარულებიც, ყველას აძლევდნენ საშუალებას, თავისუფლად მიეღოთ მონაწილეობა ღონისძიებებში და ეჩვენებინათ თავიანთი შესაძლებლობები. ასე გამიმართლა – ამ ასოციაციის, L’Association les Ailes D’Irene-ის პრეზიდენტად დანიშნეს თბილისელი ახალგაზრდა, ქართველი ქალბატონი, მხატვარი და არქიტექტორი ირინა ჯიბლაძე, რომელმაც თავისი მაღალი დონის ნახატებით ბევრ ქალაქში მიიღო მონაწილეობა გამოფენებში და დიდი მოწონება დაიმსახურა. მან მაშინვე მომძებნა და, როგორც ხელოვანს, შემომთავაზა მასთან ერთად ყოფნა, კერძოდ, მონაწილეობა კონცერტებში…

ასე დაიწყო ჩემი ის პატარა მოღვაწეობა, რაც მე სიხარულს და ცხოვრების ხალისს მაძლევდა. ვმონაწილეობდი კონცერტებში წლების განმავლობაში, ჩემს ფრანგულის მასწავლებელთან ერთად ვმღეროდი ორ ხმაში ანსამბლის თანხლებით, რომელიც აკომპანიმენტს მიკეთებდა. ასევე, მარტოც ვუკრავდი გიტარაზე ქართულ სიმღერებს. წლები ვუკრავდი სიმებიან მოყვარულთა ორკესტრში პირველ ვიოლინოს სხვადასხვა ქალაქში. ძირითადად, აქ ასეთი ცხოვრების სისტემაა: ყველა ადამიანი ნებისმიერ ასაკში აკეთებს იმას, რაც უყვარს, უნდა და მოსწონს. სწორედ ეს ხელოვანთა ასოციაცია ემსახურებოდა ყველა ხელოვანს და მოყვარულს, საშუალებას აძლევდნენ, ეკეთებინათ ის, რაც შეეძლოთ და როგორც.

ვმონაწილეობდი მოხუცებულთა სახლში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაშიც, აგრეთვე, სხვადასხვა პროგრამაში… ჩემმა იდეამ და ნამუშევრებმა არაერთხელ მომიტანა გამარჯვება: ჩემი შეკერილი ქართული ტრადიციული კაბა ყველაზე საუკეთესო და ლამაზი აღმოჩნდა მრავალი ეროვნების სამოსს შორის. გაიმარჯვა კონკურსში და გადმომეცა ოქროს ნიღაბი. ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ ამდენ ფრანგსა და სხვა ერის წარმომადგენელთა შორის ქართული ეროვნული კაბის სილამაზემ გამამარჯვებინა. ვითამაშე ასევე საშობაო საბავშვო სპექტაკლში.

ამავე ქალაქში, ჩემდა სასიხარულოდ, არის თბილისელი ხალხური ფოლკლორის სპეციალისტი თეიმურაზ არტილაყვა, რომელიც თბილისში ბიჭუნათა გუნდს ხელმძღვანელობდა და აქაც გააგრძელა თავისი საქმე, წლებია ხალხურ ანსამბლ „ციცინათელას“ ხელმძღვანელობს. მეც ვმღეროდი ამ ანსამბლში, ვგალობდი მართლმადიდებელ ეკლესიაში, გიტარაზე დაკვრის უფასო გაკვეთილებს ვუტარებდი ყველა მსურველს… ბევრი არაფერი მნიშვნელოვანი არ გამიკეთებია, ეს ძალიან მცირედია ისეთ ქართველი ნიჭიერი ადამიანების ფონზე, რომლებიც დიდ მნიშვნელოვან საქმეებს ემსახურებიან და აცნობენ საქართველოს სახელს უცხოელებს.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ როდისმე რამე კიდევ შემეძლო გამეკეთებინა, თანაც საფრანგეთში. ეს ყველაფერი კი მათი ამ საოცრად ჰუმანური ქვეყნის, მისი სისტემის დამსახურებაა. ყველა პირობაა შექმნილი, რომ ადამიანები ბედნიერები იყვნენ მოხუცებულობამდე, აქ ხომ ასაკს ვერ გრძნობენ.

ბედნიერი ვარ, რომ ცოტათი მაინც შევძელი, საქართველო და ქართველი ქალის სახე დამენახვებინა როგორც ფრანგებისთვის, ისე სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისთვის. მე ჩემი მორიდებული სიტყვა ვთქვი…

მოსწყდე საკუთარ ქვეყანას, ნიშნავს...

მოსწყდე საკუთარ ფესვებსაც. პირველ რიგში, ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს, ახალგაზრდებისთვის უფრო ადვილია… სერიოზული წლები რომ საქართველოში გაქვს გატარებული, იქ მეტი გაქვს გაკეთებული, სხვაგან ვერ ასწრებ ან ვეღარ შეძლებ ამდენს…

ადამიანი როდესაც გარემოს იცვლის…

ძნელია, რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანა და ენის უცოდინრობა პირველი ბარიერია, რაც უსუსურს გხდის და ასე, როგორც ახლად ფეხადგმული ბავშვი, თავიდან იწყებ სიარულს, ლაპარაკს, ურთიერთობებს… გააჩნია კიდევ ადამიანის ხასიათს, ბუნებას. ყველა ადამიანი ხომ ინდივიდია და ვინ როგორ მოირგებს, ასევე თავისი ქვეყნიდან რით ჩამოდის და აქ რა ხვდება. ქართველები ძალიან ამაყები ვართ, ნიჭიერებასთან ერთად ქართველი სწრაფად უღებს ყველაფერს ალღოს და თვითონ ხდება მასპინძელი უცხო ქვეყანაში. ასეთი ბუნების ხალხი ვართ ქართველები – დაუმორჩილებელი, ხან სიამაყე ამპარტავნებაშიც გადაგვდის.

მშობლებს დაშორებული შვილები...

ეს ქართველი დედებისთვის დიდი ტკივილი და საშინელებაა. მე მაგ მხრივ ბედნიერი ვარ, შვილები გვერდით მყავს.

უკვე მივეჩვიე…

მე პირადად ბავშვობიდან ადამიანების მოყვარული ვარ, კონტაქტური და არ შემქმნია არანაირი პრობლემა, აქ არასდროს მიგრძვნია, რომ ემიგრანტი ვარ, ყველა პატივისცემით გვექცევა.

საზღვარგარეთ ყოველთვის ვამაყობ...

რომ მე ქართველი ვარ და იმდენ კარგს ვლაპარაკობ, მადლობა, რომ კულტურული ხალხია და არ მეუბნებიან, თუ ასეთი ყველაზე საუკეთესოები ხართ, აქ რაღას მოდიოდი, დარჩენილიყავიო.

გულით დავატარებ...

ყველას და ყველაფერს კინოფირივით მუდმივად ვხედავდი. გულით კი – დიდ სიყვარულს, ვინც ძალიან მიყვარს.

საქართველოვ…

ლამაზო, თბილო, გულიანო, სტუმართმოყვარევ და ასეთივე ლამაზი, ნიჭიერი, ძლიერი, ენერგიული, ხალისიანი, დიდი გულის მქონე ადამიანების მიწა-წყალო… ლამაზ, ნოყიერ მიწაზე, ასეთივე ხალხით და ასე გაგრძელდეს უკუნითი უკუნისამდე.

გული მტკივა…

რადგან დღეს ვეღარ ვხედავ უანგარო სიყვარულს, უანგაროდ სიკეთის კეთებას, გაფრთხილებას, პატივისცემას…

რას დავხატავდი, თუ მთხოვდნენ, ნახატით აღმეწერა ჩვენი დღევანდელი ყოფა...

ჩემს საყვარელ თელავს, სადაც დავიბადე და ერეკლე მეფის ციხესიმაგრეს თავისი გადასახედიდან, მშვენიერ ალაზნის ველს, დიდებული კავკასიონის მთებს. იმ დროს, როცა ქართველი კაცი რაინდი იყო. კაცს ქალის დაცვა, მოფერება, მოვლა შეეძლო და ქალს – კაცის ერთგულება, შვილებზე ზრუნვით იყო დაკავებული. მეფობდა სიყვარული, ერთობა, სიკეთე, პატივისცემა, დათმენა, გაფრთხილება ერთმანეთის. ყველა ეროვნების ადამიანების თბილი ურთიერთობა და ქართული ვაჟკაცური სულით გაზრდილი ადამიანები, სამშობლოზე შეყვარებული ქალი თუ კაცი, გაუხლეჩავი და ერთ მუშტად შეკრულნი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close