ეკონომიკამოგზაურობა

როგორი იქნება მოგზაურობა პანდემიის შემდეგ

როგორი იქნება მოგზაურობა პანდემიის შემდეგ? – ეს კითხვა მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. ჯერჯერობით არ არსებობს საერთო სახელმძღვანელო პრინციპი, რომელსაც ყველა ქვეყანა უნდა ემორჩილებოდეს, თუმცა სპეციალისტები იმ სავარაუდო ტენდენციებზე საუბრობენ, რომლებიც ტურიზმის გახსნის შემდეგ იქნება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე „იმედის დილასთან“ საუბრისას განმარტავს, რომ აეროპორტებში ოფიციალური პროცედურების დრო გახანგრძლივდება, თუმცა მგზავრთა ნაკადი არ იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო.

„მაგალითად, როდესაც ვსაურობთ ტერმინალზე, ეს პროცესი ორ ნაწილად უნდა გავყოთ – რა შეზღუდვები იქნება გამგზავრების მსურველი ადამიანების შემთხვევაში და ჩამოსვლისას რა რეგულაციები იარსებებს. ზოგადად, უნდა ველოდოთ, რომ ფორმალობების გავლის პროცესი და დრო უფრო ხანგრძლივი იქნება. ეს მოსალოდნელია და ამაზე საერთაშორისო ექსპერტებიც საუბრობენ, თუმცა ამას აბალანსებს ის, რომ პირველ ეტაპზე ჩვენ არ ველით (და მსოფლიოშიც არაა ასეთი მოლოდინი), რომ მგზავრთა ნაკადი დიდი იქნება. შესაბამისად, იქნება ნაკლები მგზავრი და ამ პროცედურებს დიდი დრო არ დასჭირდება.

რეკომენდაცია ასეთია: მგზავრებს ეკიპაჟის წევრებთან რაც შეიძლება ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ, ასევე, მოკლე ფრენების შემთხვევაში, არსებობს რეკომენდაცია, რომ საკვების დარიგებაც შეიზღუდოს. მოკლე ფრენებად მიიჩნევა 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენა. სადაც მგზავრთა კონცენტრაცია მაღალია, მაგალითად, „ჩექ-ინის“, რეგისტრაციისას თუ ბარგის მიღების დროს, არსებობს ფიზიკური დისტანციის დაცვის ზოგადი რეკომენდაცია. ასევე, არსებობს რეკომენდაციები ჰაერის ფილტრაციასთან, ვენტილაციასთან, ხშირ დეზინფექციასთან დაკავშირებით როგორც ტერმინალებში, ისე საჰაერო ხომალდებზე“, – აცხადებს ლევან კარანაძე.

Forbes-ის ინფორმაციით, შესაძლებელია საჰაერო ხომალდზე ხელბარგის ატანა შეიზღუდოს. არც ისაა გამორიცხული, რომ მგზავრებს იმუნური პასპორტი, სისხლის ანალიზის გაკეთება და რეგისტრაციის დამოუკიდებლად გავლა მოსთხოვონ. ამასთან, მსოფლიოს ზოგიერთმა ქვეყანამ, წამყვან აეროპორტებთან ერთად, ბიომეტრიული ჩასხდომის დანერგვაზე ზრუნვაც დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ პასპორტის ფუნქციას მგზავრის სახე შეასრულებს.

„სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა პრინციპს ეფუძნება და ნერგავს. თვითმფრინავის, თანამედროვე საჰაერო ხომალდის თავისებურება განსხვავებულია. იქ არსებული ჰაერის ფილტრაცია ძალიან მაღალი ხარისხით ხდება, მაღალი დონისა და ინტენსივობის ფილტრებით. აქედან გამომდინარე, არც საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია და არც ევროპული ორგანიზაცია არ იძლევა რეკომენდაციას, რომ მგზავრები აუცილებლად სავარძლის გამოტოვებით უნდა დასხდნენ“, – ამბობს ლევან კარანაძე.

საჰაერო ხომალდზე შეზღუდვების დაწესებამდე დიდი ყურადღება ექცევა იმ ქვეყნების შერჩევასაც, რომლებთანაც საზღვრების გახსნა და ტურისტების მიღება ინფექციის გავრცელების რისკთან არ იქნება კავშირში.

„ახლა ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ საკუთარი უსაფრთხოება დაიცვას. ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს და, რა თქმა უნდა, გვინდა ამ მონაცემების შენარჩუნება. უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჯერჯერობით, გვაქვს ხედვა, რომ არსებული რეჟიმი შენარჩუნდეს. ყველა ადამიანი, რომელიც უცხოეთიდან შემოვა, შესაბამისი ფორმით შემოწმდება და მცირე დროით განთავსდება ცალკე. ამის შემდეგ შეეძლება სხვა ადამიანებთან კონტაქტი. ამ დღეებში სწორედ ამაზე მიდის მუშაობა – რომ გაიდლაინები და პროტოკოლები გაიწეროს. როგორ უნდა შემოვიდნენ ქვეყანაში უცხოელი ტურისტები, რა დოკუმენტები უნდა ჰქონდეთ, საზღვარზე როგორ შემოწმდებიან, როგორ მოხდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება… იმ ქვეყნებთან, რომლებმაც ამ მიმართულებით ჩვენთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს, უფრო წინ ვართ წაწეულები. ასეთია ისრაელი, პოლონეთი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც მზად არიან, გამოუშვან საქართველოში საკუთარი მოქალაქეები. შესაბამისად, მათთან მიმდინარეობს უფრო მეტი დეტალური ინფორმაციის გაცვლა“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close