მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთში 10-დღიანი გლოვა გამოცხადდება

ესპანეთის  ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 26 მაისიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 10-დღიანი გლოვა დაიწყება იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც COVID-19-მა იმსხვერპლა. ამის შესახებ 23 მაისს პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

„ეს იქნება ყველაზე ხანგრძლივი ოფიციალური გლოვა ჩვენი დემოკრატიის ისტორიაში“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა.

ესპანეთში, მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, 7 ივნისამდე საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. როგორც პრემიერმა განაცხადა, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობის წინადადებას განიხილავს. ჯერჯერობით მიმდინრეობს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლა და გადაწყვეტილება სიტუაციის ანალიზის საფუძველზე იქნება მიღებული.

„ეს ჩვენი მოვალეობაა, თუმცა ამით არ ვამბობ იმას, რომ აუცილებლად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ესპანეთის მთავრობის მეთაურმა.

პედრო სანჩესის თქმით, ტურისტებისთვის ქვეყანა საზღვრებს ივლისიდან გახსნის. ამის შესახებ მან შაბათს, 23 მაისს მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, 8 ივნისიდან განახლდება საფეხბურთო ჩემპიონატი – ლა ლიგა, თუმცა მატჩები ცარიელ სტადიონებზე ჩატარდება, გულშემატკივრების გარეშე.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კოვიდ-19-ს 48 ადამიანი ემსხვერპლა. 24 მაისის დილის მდგომარეობით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით 28 678 ადამიანი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მე-4 ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის (98 683), დიდი ბრიტანეთის (36 675) და იტალიის (32 735) შემდეგ.

ესპანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 466 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ეპიდემიის დაწყებიდან ამ დრომდე კი SARS-CoV-2-ით ინფიცირება  282 370 ადამიანს დაუდასტურდა – ესპანეთი ამ მაჩვენებლითაც მე-4 ადგილს იკავებს მსოფლიოში აშშ-ის (1 666 828), ბრაზილიის (349 113) და რუსეთის (344 481) შემდეგ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close