კრიმინალისაქართველო

ქართველი ემიგრანტი, რომელსაც ოჯახი ამოუხოცეს, 23 წლის შემდეგ სამართალს ეძებს და სენატორ რიშს მიმართავს

თამარ თორაძე: „თქვენს განცხადებაში პოლიტპატიმრად ნაგულისხმებმა გიორგი რურუამ და მისმა დაჯგუფებამ ჩემი ორი ძმა მცირეწლოვანი დების თვალწინ ჩაცხრილეს“

აშშ-ის მოქალაქე თამარ თორაძე ამერიკელ სენატორს ჯიმ რიშს ღია წერილით მიმართავს, რომელშიც მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ ჰყვება და სენატორს მოუწოდებს, გიორგი რურუა პოლიტიკურ პატიმრად არ შერაცხოს და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას შეუწყოს ხელი.

როგორც თორაძე აღნიშნავს, ღია წერილით მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტვიტერზე რიშის განცხადება ნახა, სადაც სენატორი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

თორაძე ღია წერილში სენატორს მიმართავს, რომ მის განცხადებაში პოლიტპატიმრად ნაგულისხმები გიორგი რურუა, კრიმინალურ დაჯგუფებას, თბილისში „ბოროტების საძმოდ“ შერაცხულ ბანდას მეთაურობდა.

როგორც თორაძე წერს, გიორგი რურუამ და მისმა დაჯგუფებამ მისი ორი ძმა მცირეწლოვანი დების თვალწინ ჩაცხრილეს.

„პატივცემულო სენატორო რიშ, მოგმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე თამარ თორაძე. ამ წერილის დაწერა ტვიტერზე გამოქვეყნებულმა თქვენმა განცხადებამ გადამაწყვეტინა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებთ.

მე წარმოშობით ქართველი ვარ. სამშობლოს დატოვება შემაძრწუნებელმა ოჯახურმა ტრაგედიამ მაიძულა. რომ არა ამერიკის სახელმწიფოს ჰუმანიზმი, ამერიკელი ხალხის კეთილშობილება და გულმოწყალება, დღეს ალბათ ცოცხალი არ ვიქნებოდი, როგორც ჩემი ოჯახის შვიდი წევრი.

თქვენ, როგორც საქართველოს გულშემატკივარს და მეგობარს, ალბათ კარგად მოგეხსენებათ, რომ 90-იან წლებში საქართველო, როგორც ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, დასაშლელად განწირული იმპერიის მიერ ინსპირირებულ სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩათრეული აღმოჩნდა.

სამოქალაქო ომის, უკანონობის და განუკითხაობის თანმდევი პროცესია შეიარაღებული კრიმინალური ბანდების თარეში. ერთ-ერთი ასეთი კრიმინალური დაჯგუფება იყო თბილისში „ბოროტების საძმოდ” შერაცხული ბანდა, რომელსაც მეთაურობდა თქვენს განცხადებაში პოლიტპატიმრად ნაგულისხმები გიორგი (ჟორიკა) რურუა. ამჟამად იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით ბრალდებული და დაპატიმრებული.

1992 წლის თებერვალში გიორგი (ჟორიკა) რურუამ, თავისი ბანდის წევრებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ჩემი ძმები – ზაზა და ლაშა თორაძეები. 1992 წლის 3 მარტს, გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, საავადმყოფოდან მომავალი, მანქანაში ჩაცხრილეს ჩემი ძმა ლაშა, ასევე ჩემი დედა და მამა, შემდეგ – ჩვენს სახლს ალყა შემოარტყეს და ჩემი და მცირეწლოვანი დების თვალწინ ჩაცხრილეს ჩემი ორი ძმა – კახა და იმედო. რამდენიმე ხანში გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა დაჯგუფებამ მიაგნეს და გაიტაცეს ჩემი უფროსი ძმა ზაზა. ტრაგედიიდან ორი წლის გასვლის შემდეგ კი, ჩემი უმცროსი ძმა პაატა გაიტაცეს. ზაზას და პაატას ასავალ-დასავალი დღემდე არ ვიცით – ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან.

სამართლიანად გაგიჩნდებოდათ კითხვა, ზემოთ ჩამოთვლილი უმძიმესი დანაშაულების გამო გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ აქამდე პასუხი რატომ არ აგო. იმიტომ, რომ ის და მისი დაჯგუფება სამოქალაქო ომში გამარჯვებულ მხარეს აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ, 1995 წლის 29 აგვისტოს, ედუარდ შევარდნაძის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ, რომლის ერთ-ერთ ორგანიზატორი გიორგი (ჟორიკა) რურუა იყო, იგი ქვეყნიდან გაიქცა. ამას მოგვიანებით მისი უცხოეთიდან საქართველოში ექსტრადირება მოჰყვა და როგორც ამ და სხვა კრიმინალური საქმეების გამო ძებნილი, გიორგი (ჟორიკა) რურუა საქართველოს ციხეში აღმოჩნდა.

გიორგი (ჟორიკა) რურუა

თუმცა მალევე, 2003 წლის 23 ნოემბერს, საქართველოში „ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გავლენიანი წევრი, შემდგომში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და სააკაშვილის მთავრობის კულტურის მინისტრი ნიკა რურუა გიორგი (ჟორიკა) რურუას ძმა გახლდათ.

პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნიკა რურუას მფარველობამ განაპირობა ის, რომ ამ წლების მანძილზე ვერ აღდგა სამართალი და გიორგი (ჟორიკა) რურუა ჩადენილი უამრავი დანაშაულების გამო არ დაისაჯა. მთელი ამ წლების მანძილზე ვცდილობდი, ჩემი ოჯახის თავს დატრიალებული ეს არაადამიანური დანაშაული გამოძიებული ყოფილიყო, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მფარველობის, მოწმეების შიშისა და საქმის ხანდაზმულობაზე აპელირების გამო, საქმის გამოძიებას დღემდე ყველანაირად ხელს უშლიდნენ.

თორაძეების მრავალშვილიანი ოჯახი

სენატორო რიშ,

როგორც ამერიკის მოქალაქე, მოგმართავთ თქვენ, თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნის ხალხის მიერ არჩეულ სენატორს, მოუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, არა თუ პოლიტიკურ პატიმრად შერაცხონ და გაათავისუფლონ ადამიანების მკვლელი გიორგი (ჟორიკა) რურუა, არამედ მის მიერ ჩემი და ბევრი სხვა ქართული ოჯახის წინაშე ჩადენილი შემზარავი დანაშაულებები გამოიძიონ და საკადრისი სასჯელი მიუსაჯონ მას!

ამერიკის ერთ-ერთი სიმბოლოა „ჩვენ გვჯერა ღმერთის“ (IN GOT WE TRUST). მეც მჯერა ღმერთის და მისი სამართლის. მჯერა ამერიკის და მისი ხალხის რჩეულების სიმართლის. საქართველოში არის ასეთი ანდაზა – „სამართალი ურმით დადის“ ანუ ძალიან ნელა დადის, მაგრამ დადის. მინდა მჯეროდეს, რომ ქართული მართლმსაჯულება და ჩვენი ამერიკელი მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სამართალი ჩემი გაუბედურებული ოჯახის კარამდეც მოვიდეს.

პატივისცემით, ამერიკის მოქალაქე თამარ თორაძე“, – წერს თამარ თორაძე ღია წერილში.

შეგახსენებთ,რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა. „ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმების პირობებს, მათ შორისაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემის მიმართულებით“, – წერს რიში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close