იტალიასაზოგადოება

წელიწად-ნახევრის წინ კენიაში გატაცებული იტალიელი გოგონა სამშობლოში დაბრუნდა (ვიდეო)

ამაღელვებელი კადრები რომის აეროპორტ „ჩამპინოდან“

იტალიელი სილვია რომანო, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ, 2018 წლის ნოემბერში გაიტაცეს კენიაში (აფრიკა), სამშობლოში დღეს დაბრუნდა. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტალიური მედია ავრცელებს ინფორმაციას.

სილვია რომანო კენიაში ბავშვების დასახმარებლად მოხალისედ მუშაობდა ჰუმანიტარული ორგანიზაცია Africa Milele-ს პროგრამის ფარგლებში. 23 წლის გოგონა შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს კენიის შორეულ ოლქ კილიფიში. მედიასაშუალებების ცნობით, თავდამსხმელები სომალურ ენაზე საუბრობდნენ.

მიმდინარე წლის იანვარში სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც სილვია რომანო აცხადებდა, რომ თავს კარგად გრძნობს, რის შემდეგაც იტალიურმა დაზვერვამ მოლაპარაკებები დაიწყო სომალურ ექსტრემისტულ დაჯგუფება „აშ-შაბაბთან“ გოგონას გათავისუფლების თაობაზე. მძევლის გამოსყიდვა პარასკევს მოხდა სომალის დედაქალაქ მოგადიშოს სიახლოვეს. იტალიური მედიის ცნობით, ექსტრემისტებთან მოლაპარაკებები  სომალური და თურქული სპეცსამსახურების დახმარებით მიმდინარეობდა.

დღეს სილვია რომანო მცირე ზომის თვითმფრინავით რომის აეროპორტ „ჩამპინოში“ ჩამოფრინდა. ახლობლებთან ერთად აეროპორტში მას დახვდნენ პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე და საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო. გოგონა მუსლიმურ მწვანე სამოსელში იყო ჩაცმული და ნიღაბიც ეკეთა, კორონავირუსისგან თავდასაცავად. აეროპორტიდან იგი პროკურატურაში წაიყვანეს გამომძიებლებთან გასასაუბრებლად, რომლებიც მისი გატაცების საქმეს იძიებენ.

25 წლის სილვია რომანომ დაბრუნებიდან მეორე დღეს, ორშაბათს, 11 მაისს დაადასტურა, რომ ისლამი მიიღო და განაცხადა, რომ სახელიც შეიცვალა და ახლა მას აიშა ჰქვია.

ნახეთ სილვია რომანოს დაბრუნების ამაღელვებელი კადრები ვიდეოში, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ცოტა ხნის წინ განათავსა თავის ფეისბუქგვერდზე.

 

ინფორმაცია განახლებულია 11 მაისს, 23:00 სთ-ზე (კერძოდ, დამატებულია ბოლო აბზაცი გოგონას მიერ ისლამის მიღების შესახებ).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close