ვიდეოიტალიასაზოგადოება

იტალიაში კოვიდ-19-ის მსხვერპლთა რიცხვმა 30000-ს გადააჭარბა; ინფიცირების ინდექსი შემცირდა

რამ გააბრაზა მილანის მერი?

იტალიაში გასულ ერთ დღეში 243 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსისგან (მათ შორის, 94 – ლომბარდიაში) და კოვიდ-19-ის მსხვერპლთა რიცხვმა 30 201-ს მიაღწია. ინფორმაციას სააგენტო Ansa ავრცელებს.

დღეს იტალიის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (Istat)  ხელმძღვანელმა ჯან კარლო ბლანჯარდომ განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე იტალიაში მიმდინარე წლის მარტში სიკვდილის მაჩვენებელი 39%-ით გაიზარდა წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით) 217 185-ს უდრის, გასულ 24 საათში ჩატარებული თითქმის 64 ათასი ტესტის შედეგად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1327 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 99 ათასს გადააჭარბა (99023), რაც 2747-ით მეტია გუშინდელთან შედარებით.

აქტიურ პაციენტთა რიცხვი ისევ შემცირდა, ბოლო 24 საათში – 1663-ით და 87 961-ს შეადგენს (აღსანიშნავია, რომ 32-ით შემცირდა აქტიურ პაციენტთა რიცხვი ლომბარდიაშიც, სადაც გუშინ ამ მაჩვენებლის ზრდა დაფიქსირდა +268).

კრიტიკულად მძიმე ავადმყოფთა რიცხვი ქვეყნის მასშტაბით გასული ერთი დღის განმავლობაში 143-ით შემცირდა და ამ დროისთვის 1168 პაციენტი საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, – ასეთი მონაცემები გაასაჯაროვა დღეს საღამოს სამოქალაქო დაცვის სამსახურმა.

ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტის მეთაურმა (ISS) სილვიო ბრუზაფერომ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ინდექსი შემცირდა და სხვადასხვა რეგიონში 0,5-იდან 0,7-მდე მერყეობს (ლომბარდიაში 0,5-ია).

ეს ნიშნავს, რომ ყოველი 100 დაინფიცირებული საშუალოდ 50-70 ადამიანს აინფიცირებს. მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 0,8 იყო.

მილანის მერმა ჯუზეპე სალამ დღეს მკაცრად გააკრიტიკა ასეულობით მოქალაქის საქციელი, რომლებმაც კარანტინის წესების შემსუბუქების შემდეგ ქალაქის სანაპიროებზე ჯგუფ-ჯგუფად სეირნობა დაიწყეს სოციალური დისტანციის უგულებელყოფით.

მანამდე, გუშინ საღამოს ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეორგოლები, სადაც ჩანს, როგორ სეირნობს ჯგუფ-ჯგუფად ათეულობით ადამიანი, ყოველგვარი სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე, მილანის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასეირნო უბანში, ნავილიში (Navigli).

„ასეთი საქციელი სამარცხვინოა, ერთი პროცენტი უგუნური ადამიანის გამო შესაძლებელია ყველა დანარჩენი დაზარალდეს; თუ ადამიანები არ გაიხსენებენ, რომ კარანტინი შემსუბუქდა სამუშაოზე დაბრუნების და არა გართობის მიზნით, მერია იძულებული იქნება, ისევ გაამკაცროს წესები“, – განაცხადა ლომბარდიის დედაქალაქის მერმა.

დღეს გავრცელდა მომვლელთა და შინადამხმარეთა პროფესიული ასოციაციის განცხადება, რომ 2020 მარტ-აპრილში იტალიაში 50%-ით შემცირდა მომვლელების (იტ. ბადანტე) და შინამოსამსახურეთა დაქირავება, ხოლო 30%-ით გაიზარდა მათი დათხოვნის შემთხვევები. ამ ინფორმაციას Sky ავრცელებს. საექსპერტო მონაცემებით, ქვეყანაში დასაქმებული 2 მილიონზე მეტი შინამოსამსახურიდან და მომვლელიდან ლეგალურად მხოლოდ 860 ათასამდე მუშაობს.

იტალიაში მოქმედებს დაქირავებული თანამშრომლების დათხოვნის აკრძალვა, თუმცა ეს ბადანტეებს და ოჯახის დამხმარეებს არ ეხებათ. დღეს ეროვნული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამშრომლების დათხოვნის აკრძალვა (მათ შორის, შტატების შემცირების საბაბითაც) შესაძლოა 5 თვით გახანგრძლივდეს, მაისიდან სექტემბრამდე – ასეთი მონახაზი არსებობს მთავრობის ახალი დეკრეტის სამუშაო ვერსიაში. წინა დეკრეტით დადგენილი აკრძალვის ვადა 15 მაისს იწურება.

და ერთი კარგი ამბავი: დღეს ლაციოს რეგიონის (დედაქალაქირომი) გუბერნატორმა ნიკოლა ძინგარეტიმ განაცხადა, რომ იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა ივნისში დაიწყება. როგორც ცნობილია, ვაქცინაზე ლაძარო სპალანცანის სახელობის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტები მუშაობენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close