NASA და ილონ მასკი ტომ კრუზს კოსმოსში „გაუშვებენ“ ფილმის გადასაღებად
დიდი ალბათობით, 57 წლის ტომ კრუზი კოსმოსში არ გაფრინდება რეალურ ცხოვრებაში, თუმცა კინოში შეიძლება ასეც მოხდეს… პოპულარული მსახიობი და რეჟისორი მძაფრსიუჟეტიან ფილმს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადაიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია 5 მაისს დადასტურდა.
ფილმთან დაკავშირებით ჯერჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არ არის, გარდა იმისა, რომ ეს არ იქნება „შეუსრულებელი მისიის“ გაგრძელება… ნასასთან ერთად პროექტში ჩართულია ილონ მასკის SpaceX-იც.
ფილმის გადაღების შესახებ ცნობა Nasa-ს ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენსტინმა დაადასტურა.
„Nasa მოხარულია ტომ კრუზთან მუშაობით კოსმოსში ფილმის გადასაღებად. ჩვენ გვჭირდება, რომ პოპულარულმა მედიამ ახალი თაობის ინჟინრებს და მეცნიერებს შთააგონოს, რათა Nasa-ს ამბიციური გეგმები რეალობად იქცეს“, – წერს ჯიმ ბრიდენსტინი ტვიტერზე.
NASA is excited to work with @TomCruise on a film aboard the @Space_Station! We need popular media to inspire a new generation of engineers and scientists to make @NASA’s ambitious plans a reality. pic.twitter.com/CaPwfXtfUv
— Jim Bridenstine (@JimBridenstine) May 5, 2020
„Should be a lot of fun!“ (ძალიან სახალისო ამბავი იქნება!) – დაწერა ილონ მასკმა ბრიდენსტინის ტვიტერის პოსტის ქვეშ.
ჯერჯერობით პროექტი ძალიან ადრეულ სტადიაზეა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ტომ კრუზს ამბიციური პროექტისთვის დიდი მომზადება არ სჭირდება, მისთვის სახიფათო გადაღებები უჩვეულო არ არის: „შეუსრულებელი მისიის“ წინა ნაწილების გადაღებების დროს მსახიობმა ფეხი მოიტეხა, ჩამოვარდა ჰაერში დაკიდებული ვერტმფრენიდან, აფრენის მომენტში მყოფი თვითმფრინავის კორპუსს დაეკიდა და ბურჯ ხალიფას კოშკის ციცაბო კედელზეც კი აცოცდა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები