საზოგადოებასაქართველო

სიმღერა და გვირილების თაიგულები მედპერსონალს – ორიგინალური „ორმაისობა“ ქუთაისში (ვიდეო)

ორიგინალური ორმაისობა მოუწყვეს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს – მომღერლებმა მათ სიმღერითა და გვირილების თაიგულებით „გვირილობა“ მიულოცეს. ასე გადაუხადეს მედიკოსებს მადლობა იმ შრომისთვის, რასაც ისინი ამ რთულ ვითარებაში ეწევიან.

მათი თქმით, სიმბოლურია, რომ მივიდნენ ტუბერკულოზის ცენტრში, რადგან საუკუნეების წინ ტუბერკულოზით დაავადებულთათვის გროვდებოდა თანხა და ხმარდებოდა ხელმოკლე ავადმყოფებს.

„XX საუკუნის დასაწყისი – ტუბერკულიოზთან საბრძოლველად ქუთაისლებმა ქველმოქმედება ორგანიზებულად დაიწყეს. მაშინ სიკეთის კეთების სურვილმა გიმნაზიის მოსწავლე გოგონები გააერთიანა. ისინი გვირილებს ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მოგვიანებით სიკეთის და ქველმოქმედების მოტივებზე ქალაქის დღესასწაული დაარსდა და დღემდე ჩვენ – ქუთაისლებს გვირილობა ისე გვიყვარს, როგორც საკუთარი დაბადების დღე, როგორც ჩვენი კუდაბზიკა და ყველაზე დიდი ისტორიის, ტრადიციის და სიყვარულის მატარებელი ქალაქის დაბადების დღე.

დღეს ქველმოქმედებაზე მეტად პოზიტივი სჭირდება ხალხს (მე ასე მგონია), ამიტომ ეს ჟესტი-სიმღერა და გვირილების თაიგულები მედპერსონალისთვის არის უფრო მეტი, ვიდრე დღესასწაული და მე მიხარია, რომ იმ ქალაქის შვილი ვარ, სადაც სიკეთე და სიყვარულია ყველაფრის მოტივი და მიზეზი. გილოცავთ ყველას, ვინც თვლის რომ ქუთაისელია და თვლის რომ ღირსია ატაროს ამ ქალაქის შვილის სახელი“, – წერს სოციალურ ქსელში ქუთაისში მცხოვრები ირმა ჭოლაძე, რომელმაც ამის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.

ქუთაისში „გვირილობა“ ქალაქის დღესასწაულია, რომელსაც ყოველ 2 მაისს მთელი ქალაქი ზეიმობს ხოლმე. წელს კი მუნიციპალიტეტს, პანდემიის გამო, ქალაქში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებების გაუქმება მოუხდა.

droa.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close