იტალიაში საქართველოს საელჩო 4 მაისიდან საკარანტინო პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.
„რა არის 𝟐𝟎𝟐𝟎 წლის 𝟐𝟔 აპრილის 𝐃𝐩𝐜𝐦-ის (მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის დეკრეტის) ახალი წესები?
4 მაისიდან რამდენიმე სიახლეა, მათ შორის:
• იმავე რეგიონში მცხოვრებ ახლობლებთან/ნათესავებთან ვიზიტების შესაძლებლობა;
• პარკებისა და საზოგადოებრივი ბაღების გახსნა, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.
ნებისმიერ შემთხვევაში სავალდებულოა შეკრებების თავიდან აცილება (მერებმა შეიძლება დამოუკიდებლად გადაწყვიტონ პარკების კვლავ დროებით დახურვა, თუ გარანტირებული არ იქნება შეკრების აკრძალვა).
• საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ დახურულ ადგილებში (მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კომერციული დაწესებულებები) ნიღბის გამოყენება სავალდებულო ხდება;
• ახალი Dpcm ასევე ითვალისწინებს სახლში დარჩენის ვალდებულებას ყველასთვის, ვისაც აქვს სუნთქვასთან დაკავშირებული სიმპტომები და ტემპერატურა 37.5 გრადუსზე მაღლა;
• 4 მაისიდან შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ მოტორიკულ და სპორტულ აქტივობას, ინდივიდუალურად, თუნდაც სახლიდან შორს;
• კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ეხება დაკრძალვის ცერემონიას, რომელში მონაწილეობაც შესაძლებელია მაქსიმუმ 15 ადამიანისთვის, ისევ და ისევ დამცავი ნიღბებით;
• 4 მაისიდან შესაძლებელი ხდება ბარებსა და რესტორნებში შეკვეთის ადგილზე მიცემა და მისი პირადად გამოტანა (Take away). ბუნებრივია, ძალაში დარჩება აქამდე არსებული შეკვეთის გამოძახების და სახლში მიტანის სერვისიც;
• უამრავი საწარმო და სამრეწველო ობიექტი აღადგენს საქმიანობას;
• მუშაობას იწყებენ საწარმოო და სამშენებლო სექტორები, მათთან დაკავშირებული ყველა საბითუმო საქმიანობასთან ერთად, სამუშაოზე უსაფრთხოების ზომების მოქმედი წესების დაცვით;
4 მაისიდან, სახლიდან გასვლისას, ისევ დამჭირდება თუ არა ავტოსერტიფიკატი
(autocertificazione)?
დიახ, გარკვეულ შემთხვევებში.
ავტოსერტიფიკატი ისევ აუცილებელია ყველა გადაადგილების დროს (სურსათის ყიდვა, აფთიაქში წასვლა, ნათესავების მონახულება და ა.შ.), გარდა სამსახურში წასასვლელად, სპორტული აქტივობისას ან სეირნობისას. სამსახურში სიარულის დროს თან უნდა იქონიოთ კომპანიის საშვი ან დამსაქმებლის წერილი.
რა მიზეზით შეიძლება გადაადგილება?
როგორც აქამდე, გადაადგილება დასაშვებია ყოველდღიური საჭიროებების, განსაკუთრებული აუცილებლობის, სამუშაო მიზეზების და ჯანმრთელობის მიზეზების გამო.
• შეგიძლიათ წახვიდეთ სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, თამბაქოს მაღაზიებში, საკანცელარიო მაღაზიებში, წიგნებისა და ბავშვის ტანსაცმლის მაღაზიებში და იმ მაღაზიებში, რომლებიც გაიხსნება 4 მაისის შემდეგ;
• შეგიძლიათ გახვიდეთ ძაღლის გასასეირნებლად;
• შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ სპორტული აქტივობის დროს;
• შეგიძლიათ გახვიდეთ სასეირნოდ პარკებში და საზოგადოებრივ ბაღებში;
• ოჯახის წევრების/ნათესავების მოსანახულებლად.
ყველა გადაადგილების დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ აკრძალულია შეკრება და დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია.
ვისი ნახვა შემიძლია 4 მაისის შემდეგ?
გადაადგილების უფლება შესაძლებელია მხოლოდ თქვენი ახლობლების/ნათესავების სანახავად, ეს უნდა იყოს აღნიშნული ავტოსერტიფიკატში განსაკუთრებული აუცილებლობის გრაფაში. ამასთან, მკაცრად არის რეკომენდებული შეხვედრების მაქსიმალურად შეზღუდვა, რადგან ეს ზრდის ინფექციის განვითარების რისკს.
ამ შეხვედრების დროს უნდა დაიცვათ შემდეგი: შეკრების აკრძალვა, მინიმუმ ერთი მეტრის დისტანცია და ნიღბების გამოყენების ვალდებულება.
ვინ არიან ის ახლობლები/ნათესავები, ვისთანაც დაიშვება შეხვედრა?
DPCM-ის მიერ ნახსენები „ნათესავები“ მოიცავს: მეუღლეებს, ერთად მცხოვრებ პარტნიორებს, სამოქალაქო კავშირების პარტნიორებს, შეყვარებულებს, ისევე, როგორც მეექვსე რანგამდე ნათესავებს.
სავალდებულო იქნება თუ არა ნიღბის ტარება?
• ნიღბის ტარება ყველა იმ ადგილას იქნება სავალდებულო, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა მკაცრად აუცილებელია;
• საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
• მაღაზიებში;
• ექიმთან ვიზიტის დროს;
ეს განკარგულება, შესაძლოა, განსხვავებულად მოქმედებდეს სხვადასხვა რეგიონული მთავრობის რეგულაციის საფუძველზე.
არსებობს რაიმე შეზღუდვა გადაადგილებაზე, ვისაც რესპირატორული ინფექციის სიმპტომები და სიცხე აქვს 37,5°-ს ზემოთ?
რესპირატორული ინფექციისა და ცხელების სიმპტომების მქონე ადამიანები (37,5°C- ზე მეტი) უნდა იმყოფებოდნენ საკუთარ სახლში, მაქსიმალურად შეზღუდონ სოციალური კონტაქტები და დაუკავშირდნენ მკურნალ ექიმს.
მყავს არასრულწლოვანი შვილი, შემიძლია თუ არა მასთან ერთად პარკში ან საზოგადოებრივ ბაღში სეირნობა?
დიახ, პარკებში, ვილებსა და საზოგადოებრივ ბაღებში შესვლა ნებადართულია, თუმცა, მკაცრად უნდა დაიცვათ ყველა ფორმის შეკრების აკრძალვა და ერთი მეტრის დისტანცია.
ბავშვების სათამაშო მოედნები, რომლებიც ახალი ბრძანებულების თანახმად დახურულია, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას.
სხვადასხვა ქალაქის მერმა შეიძლება თავად გადაწყვიტოს კონკრეტული ტერიტორიების დროებით დახურვა, რომელშიც შეუძლებელია დებულებების შესრულების სხვაგვარად უზრუნველყოფა.
ნებადართულია მოტორიკული ან სპორტული აქტივობა?
გარეთ სპორტული და მოტორიკული აქტივობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ინდივიდუალურად ტარდება, ან ერთი ოჯახის წევრებისთვის.
4 მაისიდან დაწყებული გარეთ სპორტული და ფიზიკური აქტივობა დაიშვება სახლიდან მოშორებითაც.
სავალდებულოა დისტანციის დაცვა მინიმუმ ორ მეტრამდე, თუ ეს არის სპორტი, და ერთ მეტრამდე, თუ ეს უბრალოდ სეირნობას ან სრიბილს (joggling) მოიცავს.
ნებისმიერ შემთხვევაში, შეკრებები აკრძალულია.
ზემოთ აღნიშნული მოტორიკული ან სპორტული აქტივობის განხორციელების მიზნით, აგრეთვე, ნებადართულია გადაადგილება საზოგადოებრივი ან კერძო სატრანსპორტო საშუალებებით, ამ საქმიანობის განხორციელებისთვის განსაზღვრულ ადგილამდე მისაღწევად.
დაუშვებელია ფიზიკური ან სპორტული საქმიანობის განხორციელება თქვენი რეგიონის გარეთ.
გაიღება თუ არა ბარები, რესტორნები, სანაყინეები, კაფეები?
4 მაისის შემდეგ შესაძლებელი იქნება რესტორნებსა და ბარებში შეკვეთის მიცემა. თუ აქამდე ასეთ დაწესებულებებს მხოლოდ მიტანის სერვისი ჰქონდათ, 4 მაისიდან შეგეძლებათ ისარგებლოთ takeaway სერვისით, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, თქვენ თვითონ მიხვიდეთ და სახლში/ოფისში წაიღოთ მზა საკვები ან სასმელი.
რა წესები მოქმედებს საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის და იქიდან დაბრუნებულებისთვის?
საზღვარგარეთ გამგზავრებისა და იტალიაში დაბრუნების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდს.
ვარ საქართველოში, იტალიაში ცხოვრების ნებართვას (permesso di soggiorno) გასდის ვადა და ვერ ვახერხებ დროულად დაბრუნებას.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს „პერმესოს“ ვადა გაუვიდა ან უახლოეს დროში ეწურება, გაცნობებთ, რომ ( c.d. Decreto Cura Italia-ს თანახმად) მესამე ქვეყნების მოქალაქეების „ცხოვრების უფლების“ ვადა გაგრძელებულია 2020 წლის 31 აგვისტომდე. შესაბამისად, ვადაგასული „ცხოვრების უფლებით“ შესაძლებელია იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლა. იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლის რეგულაციები იხილეთ წინა კითხვაში“, – ნათქვამია იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები