იტალიასაზოგადოება

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ით 474 ადამიანი დაიღუპა

ინფიცირების ინდექსი R0 მთელ ქვეყანაში 1-ზე დაბალია

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით 474 ადამიანი დაიღუპა, რაც 21 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა ქვეყნაში 28710-ს მიაღწია. ინფორმაციას Ansa ავრცელებს სამოქალაქო დაცვის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით. 

მოქმედ პაციენტთა რაოდენობა კიდევ 239-ით შემცირდა, 100 704-მდე, ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი კი, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 209 328-მდე გაიზარდა, რაც გუშინდელთან შედარებით 1900-ით მეტია (სწორედ ამდენი ახალი შემთხვევა გამოვლინდა გასულ 24 საათში ჩატარებული ტესტირებების შედეგად).

კორონავირუსის შემთხვევების დღიური ზრდა რეგიონების მიხედვით ასეთია: ლომბარდია +533, პიემონტი +495, ემილია რომანია +206; არის რეგიონები, სადაც ზრდა მინიმალურია, ასეთი რეგიონებია: უმბრია +1, მოლიზე +1, სარდინია +2. კალაბრიაში გასულ ერთ დღეში ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ლაციოში კი 24 საათში 84 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა.

39-ით შემცირდა კრიტიკულად მძიმე პაციენტების რიცხვი და ამ დროისთვის რეანიმაციაში კოვიდ-19-ის დიაგნოზით 1539 ადამიანია მოთავსებული.

იტალიის ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის (ISS) პრეზიდენტის, სილვიო ბრუზაფეროს თქმით, ვირუსის „კვლავწარმოების“ საბაზო მაჩვენებელი, ინფიცირების ინდექსი R0 ანუ R ნული, როგორც მას უწოდებენ, დღეს მთელ იტალიაში 1-ზე დაბალია. ამის შესახებ მან 30 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბრუზაფერომ განმარტა, რომ „მრუდი დაბლა ეშვება როგორც სიმპტომების მქონე პაციენტების რაოდენობის, ისე ინფიცირების ახალი შემთხვევების მაჩვენებლის მიხედვითაც“. „წითელი ზონების“ რაოდენობა მცირდება, R0 ყველა რეგიონში 1-ზე დაბალია. „ეს ძალიან დადებითი ფაქტია და მიღებული ზომების და მოქალაქეთა ქცევის შედეგია“.

ბრუზაფეროს თქმით, ანალოგიური სიტუაციაა კორონავირუსით ინფიცირებული უცხოელი მოქალაქეების შემთხვევაშიც, რომელთა რიცხვი დაახლოებით 6400-ია ანუ ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 5,1%-ს შეადგენს.

მისივე თქმით, კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა დიდ ნაწილს, თითქმის 84%-ს, 2 ან 3 თანმხლები დაავადება ჰქონდა.

ბრუნო კესლერის ინსტიტუტის ექსპერტმა სტეფანო მერლერმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბავშვები 4-ჯერ ნაკლებად ინფიცირდებიან კორონავირუსით, ვიდრე მოზრდილი ადამიანები.

„ჩვენ ჩავატარეთ გამოკვლევა, რომლის ანგარიში ‘Science’-ში გამოქვეყნდა, სადაც ნაჩვენებია, რომ ბავშვები 66%-ით უფრო ნაკლებად ინფიცირდებიან [კორონავირუსით], ვიდრე უფროსები 15-იდან 65 წლამდე“. მიუხედავად ამისა, მან უარყო სწავლების ჩვეულ რეჟიმზე დაბრუნების იდეა (როგორც ცნობილია, სწავლების ნორმალურ რეჟიმში განახლება იტალიაში სექტემბრამდე არ იგეგმება).

„ყველა დონის სკოლის გახსნა ინფიცირების ინდექსის მაჩვენებელს 1,30-მდე გაზრდის“, – განაცხადა მერლერმა, – „ეს იქნება აბსოლუტურად საგანგაშო სიტუაცია, რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემებამდე მიგვიყვანს დროის ძალიან მოკლე პერიოდში“.

რამდენიმე ხნის წინ ხელისუფლება, სპეციალისტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ შეზღუდვების ზომების შემცირებას დაიწყებდა მას შემდეგ, რაც ინფიცირების ინდექსის (R0) მაჩვენებელი ერთზე დაბალი იქნებოდა.

4 მაისიდან იტალია მეორე ფაზაზე გადადის და ქვეყანა თავის მოქალაქეებთან ერთად ახალი გამოწვევების წინაშე დგება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close