რუსეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინს კორონავირუს SARS-CoV-2-ით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესხებ თავად მიშუსტინმა მოახსენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გუშინ, 30 აპრილს ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას. მიშუსტინმა პუტინს მიმართა წინადადებით, პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი დაენიშნა.
„ინფიცირების გამო, როსპოტრებნადზორის მოთხოვნების შესაბამისად, უნდა ვიყო თვითიზოლაციაში, შევასრულო ექიმების მითითებები, ეს აუცილებელია, რათა ჩემი კოლეგების უსაფრთხოება დავიცვა“, – განაცხადა მიშუსტინმა და დასძინა, რომ კოლეგებთან სატელეფონო და ვიდეოკავშირზე იქნება.
რუსეთის მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებსაც მიმართა და მოუწოდა, მაქსიმალურად სერიოზულად მოეკიდონ კორონავირუსის ინფექციას და მის გავრცელებას… „წინ მაისის დღესასწაულებია, ყველას გთხოვთ, დარჩეთ სახლში და შეასრულოთ ყველა აუცილებელი შეზღუდვა“, – განაცხადა მან და პირობა დადო, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს SARS-CoV-2-ის დასამარცხებლად და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმზე დასაბრუნებლად.
ვლადიმირ პუტინმა გუშინვე ხელი მოაწერა ბრძანებულებას პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნის შესახებ.
რუსეთი ამ დროისთვის კორონავირუსის გავრცელების პიკში იმყოფება. გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7099 შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 106 498-მდე გაიზარდა; COVID-19-ის დიაგნოზით გარდაცვლილია 1073 ადამიანი (+101 ბოლო ერთ დღეში), გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11619-ს აღწევს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები