იტალიასაზოგადოება

იტალიაში 848 კოვიდ-ინფიცირებული დაჯარიმდა სავალდებულო კარანტინის დარღვევის გამო

ჯარიმების სტატისტიკა (ვიდეო)

სანქციების და ფულადი ჯარიმების საფრთხე, ცნობილი მსახიობების და მუსიკოსების მოწოდებები თუ ადგილობრივი მერების ემოციური მიმართვები აქტიური და დაუდგრომელი იტალიელებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. კარანტინით გათვალისწინებულ შეზღუდვებს და სოციალური დისტანციის წესებს დღემდე ბევრი ადამიანი არღვევს.

ზოგჯერ დარღვევები ბანალური მიზეზებით ხდება. მაგალითად, სალერნოელი მოზარდის შემთხვევა, რომელიც შეყვარებულთან პაემანზე გასვლისთვის დაჯარიმებულთა გრძელ სიაში შევიდა (24 მარტს მთავრობამ ახალი დეკრეტი მიიღო და შეზღუდვების წესების დამრღვევთათვის გაზრდილი ჯარიმები შემოიღო – 400-იდან 3000 ევრომდე, ადრე დადგენილი 206 ევროს ნაცვლად).

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საერთოეროვნული კარანტინის შემოღების დღიდან, რომელიც 11 მარტს შევიდა ძალაში, დღემდე მთლიანობაში 11 მილიონზე მეტი (უფრო ზუსტად – 11 117 385) ადამიანი და 4 მილიონზე მეტი (4338 099) ბიზნეს და კომერციული კომპანია შემოწმდა.

ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა 391 563 ადამიანი, რომლებმაც გადაადგილების შეზღუდვის წესები დაარღვიეს, 5066 ადამიანი, რომლებმაც ავტოსერტიფიკატი გააყალბეს; 848 ადამიანი, რომლებიც კორონავირუსით იყვნენ დაინფიცირებულები და საკარანტინო წესები დაარღვიეს, აგრეთვე, 7614 ბიზნესკომპანია – უკანონო აქტივობისთვის; 442 კომერციული დაწესებულება დაიხურა.

დღეს საღამოს განახლებული მონაცემებით, იტალიაში მთლიანობაში დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 203591 შემთხვევა (+2086 გასულ 24 საათში), გარდაიცვალა 27682 ადამიანი (+323 გასულ 24 საათში) კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით; გამოჯანმრთელდა 71252 (+2311 გასულ 24 საათში) პაციენტი. ისევ შემცირდა კრიტიკულად მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა და ამ დროისთვის რეანიმაციაში მოთავსებულია 1795 პაციენტი (68-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ).

როგორც ცნობილია, 4 მაისიდან, იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინის თანდათანობით მოხსნა და მკაცრი ზომების შერბილება იწყება.

ციცი ხაბელაშვილი

ვიდეო: პოლიცია ამოწმებს გამვლელ მანქანას მილანში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close