fbpx
მედიცინა

გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების „ერთადერთი შესაძლო“ გზა დაადგინეს

ბერლინსა და ბონში მდებარე სამედიცინო ცენტრების მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ წვეთოვანი გზა კოროვირუსით დაინფიცირების ყველაზე სავარაუდო და თითქმის ერთადერთი საშუალებაა. ამის შესახებ RTL Today წერს.

კრისტიან დროსტენი (Christian Drosten), ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ვირუსოლოგი და ჰენდრიკ შტრეკი (Hendrik Streeck), ბონის ვირუსოლოგიისა და აივ-კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, აცხადებენ, რომ კორონავირუსი SARS-CoV-2 უკიდურესად მგრძნობიარეა ჰაერზე გამოშრობის მიმართ, ასე რომ, მისი გადადების ერთადერთი გზა ვირუსის მატარებელთან წვეთოვანი გზით კონტაქტია.

შტრეკის ხელმძღვანელობით მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა კორონავირუსული ინფექციის ყველა შემთხვევა ქალაქ ჰაინსბერგში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია), სადაც 1,4 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველა შემთხვევაში ინფექციის გადაცემის მიზეზი დიდი ხნის განმავლობაში ადამიანებს შორის მჭიდრო კონტაქტი იყო. საზოგადოებრივ ადგილებში სხვადასხვა ზედაპირიდან – კარის სახელურებიდან, ტელეფონებიდან ან ტუალეტიდან – აღებულ სინჯებში არ აღმოჩნდა „ცოცხალი“ კორონავირუსის არანაირი ნიშანი. შტრეკის თქმით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ინფიცირებულ ზედაპირებზე შეხებით დაავადების გადაცემის ალბათობა ძალიან მცირეა.

„იმისთვის რომ ადამიანი [ახალი ტიპის] კორონავირუსით ნამდვილად დაავადდეს, აუცილებელია ვირუსის მატარებელმა თავის ხელებში ჩაახველოს, მერე ხელით კარის სახელურს შეეხოს, რის შემდეგაც იმ პირველმა დაუყოვნებლივ უნდა მოკიდოს ხელი სახელურს და მაშინვე შეეხოს საკუთარ სახეს“, – აცხადებს მეცნიერი.

მსგავს დასკვნამდე, რომ COVID-19 წვეთოვანი ინფექციაა და შეუძლებელია ჰაერით გადაეცემოდეს, უფრო ადრე მივიდა კრისტიან დროსტენი ბერლინის Charité-დან. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსი ძალიან მგრძნობიარეა გამოშრობის მიმართ, ამიტომ ერთადერთი გზა, რომ დაინფიცირდე, პატარა წვეთოვანი ნაწილაკების შესუნთქვაა, რომლებსაც ადამიანი დაცემინებისას, დახველებისას ან უბრალო საუბრისას გამოყოფს.

თუმცა არსებობს სხვადასხვა დასკვნა იმის თაობაზე, როგორ ვრცელდება კორონავირუსი. აშშ-ის ჯანმრთელობის ინსტიტუტების, CDC-ს და NIH-ის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ახალ კორონავირუსს ქაღალდზე შეუძლია გაძლოს 24 საათი, 3 საათი – აეროზოლებში და 3 დღემდე – პლასტმასასა და უჟანგავ ფოლადზე, თუმცა, როგორც რობერტ კოხის ინსტიტუტის ვებგვერდზეა აღნიშნული, მსგავსი სამეცნიერო კვლევები ექსპერიმენტულ პირობებში ტარდება, ამიტომ მათი შედეგები ყოველდღიურ ცხოვრებაში ვირუსის გადაცემის რისკისგან განსხვავებულია.

ჰაინსბერგში კიდევ ერთი კვლევა მიმდინარეობს, რომლის მიზანია შეფასდეს, როგორ ვრცელდება ვირუსი და როგორ შეიძლება შემდგომში მისი შეკავება. „ამ უფრო დეტალური კვლევის შედეგები შესაძლებელია საფუძვლად დაედოს ლოქდაუნიდან გამოსვლის ნაციონალურ სტრატეგიებს“, – ამბობს ჰენდრიკ შტრეკი.

თამარ ქავჟარაძე

ამავე თემაზე: გერმანელი მეცნიერის კვლევის თანახმად, კორონავირუსი საგნებიდან თითქმის არ გადადის

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close