კრიმინალისაქართველო

შუახნის ქალის მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ პოლიციელი დააკავა

გუშინ საღამოს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, შუახნის ქალი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, იგი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ფანჯრის შუშა ჩაიმსხვრა და ქალს ტყვია მოხვდა.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაუფრთხილებლობის შედეგად შუახნის ქალბატონის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულის სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს. გ. დააკავეს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს. გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ. ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადმოეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. საქმეზე განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი.

„ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი. საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – აღნიშნულია საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.

როგორც გარდაცვლილი ქალის ერთ-ერთმა მეზობელმა, ლალი კაკალაშვილმა საქართველოს პირველ არხს უამბო, მან გუშინ, დაახლოებით საღამოს 9-ის ნახევარზე თავდაპირველად ოთხი გასროლის ხმა გაიგონა, მცირე პაუზის შემდეგ კი – კიდევ რამდენიმე.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ს. გ. დაკავებულია ბრალდებულის სახით საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close