იტალიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დღითიდღე უმჯობესდება
შემცირდა ინფიცირების და გარდაცვალების დღიური მაჩვენებლები, აგრეთვე, მძიმე პაციენტთა რიცხვი
იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის გამო გარდაცვალების 482 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა (გუშინ – 575) და კოვიდ-19-ით დაღუპულთა საერთო რიცხვი 23 227-მდე გაიზარდა. გამოვლინდა ინფიცირების 3 491 ახალი შემთხვევა და შედეგად ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი 175 925-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელდა 2200 პაციენტი და მთლიანობაში მათმა რიცხვმა, ვინც კორონავირუსი დაამარცხა, 44 927-ს მიაღწია. მცირდება ინტენსიური თერაპიის პაციენტების რაოდენობა – ამჟამად რეანიმაციაში მოთავსებულია 2733 პაციენტი კოვიდ-19-ის დიაგნოზით, 79-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ, მათგან 947 – ლომბარდიაში. მონაცემები, რომლებიც დღეს საღამოს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა სამოქალაქო დაცვის სამსახურმა, აშკარად მეტყველებს, რომ იტალიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება.
თუმცა სპეციალისტები ფრთხილობენ, მით უმეტეს, რომ უკვე გამოჩნდა საკმაოდ ბევრი ადამიანი ქუჩებში. ჯოვანი რეცა, იტალიის ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ინფექციონისტი, განმარტავს, რომ ის, რაც 2 თვის წინ მოხდა, შეიძლება განმეორდეს, თუ სიფრთხილის ზომები სათანადოდ არ იქნება დაცული. ამის შესახებ „ილჯორნალე“ წერს.
„ჩვენ ვერ მივაღწევთ ინფიცირების ნულოვან დონეს მაისში, ვირუსი, სავარაუდოდ, განაგრძობს ცირკულირებას, თუნდაც ეს მოხდეს ნაკლები ინტენსივობით“, – განაცხადა მან კორონავირუსის გამო შექმნილი საგანგებო სიტუაციისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.
ეპიდემიოლოგის თქმით, იტალიაში „ნამდვილი პიკი“ მიღწეული არ არის, ამასთან, იტალიელებს არ გამოუმუშავებიათ კოლექტიური იმუნიტეტი, რადგან ვირუსით არ დაავადებულა მოსახლეობის დიდი ნაწილი. შეზღუდვების წყალობით ინფიცირების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ მოქალაქეები მოწყვლადები არიან კოვიდ-19-ის მიმართ და თუ სიფრთხილის სათანადო ზომები არ იქნება დაცული, შეიძლება ეპიდემიის აფეთქება განმეორდეს.
ჯოვანი რეცას თქმით, „მეორე ფაზაში“ სოციალური დისტანცირების ზომები მკაცრად უნდა იყოს დაცული. „როდესაც გადავალთ იმ ეტაპზე, რომ ვირუსი ნაკლები სიჩქარით გავრცელდება, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ტერიტორიების კონტროლის გაძლიერება, უწინარეს ყოვლისა“ და ისევ აქტუალური იქნება „წითელი ზონების“ განსაზღვრა, ეს კი ნიშნავს ინფიცირებულთა გამოვლენას, მათ დაუყოვნებლივ იზოლაციას და შესაბამის ქმედებებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.
ჯოვანი რეცამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იტალიაში ინფიცირების შემთხვევების დიდი ნაწილი კარანტინის და ოჯახში ყოფნის დროს მოხდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები