დღის თემასაქართველო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე:

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:

ქრისტე აღდგა!

დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი… გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, ტყვენი ცოდვისანი განათავისუფლა და მაცხოვნებლად კაცთა გამოჩნდა, – გიხაროდეთ!

მისი ძალის დაფარვა სურდათ და ვერ შეძლეს, მისი სიმართლის დამცირება უნდოდათ და ვერ მოახერხეს, ვერაგობა განიზრახეს და ჭეშმარიტების გამობრწყინვებით გაწბილდნენ (წმ. იოანე მთავარეპისკოპოსი), რადგან

ქრისტე აღდგა!

აქებდით მას მართალნი ქვეყანისანი, – მთავარნი და მსაჯულნი, ჭაბუკნი და ქალწულნი, ძლიერნი და უძლურნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა… ყოველი სული  აქებდით უფალსა (ფსალმ. 148,11-12; 150,6).

– რა არის ამ საყოველთაო სიხარულის მიზეზი?

– ვიცით, რომ შემოქმედისაგან და სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე სამოთხისაგან ჩვენს პირველმშობელთა განდგომამ როგორც ადამიანებისთვის, ისე მათდამი, ღვთის განგებით, დაქვემდებარებული მთელი ხილული სამყაროსათვის, შედეგად მოიტანა ხრწნადობა, რადგან შემოხდა სოფლად ცოდვა და მასთან ერთად სიკვდილი.

ცოდვაც და სიკვდილიც ბოროტების გამოვლინებაა და დაცემის შედეგი. მათი ბატონობა ათასწლეულთა მანძილზე გაგრძელდა, ვიდრე ამქვეყნად არ მოევლინა ძე ღვთისა, რომელმაც თავის ადამიანურ ბუნებაში დაამარცხა კაცთა ყველა ნაკლოვანება, ყველა ცოდვის მიზეზი და პიროვნული სრულყოფილებით მოკლა სიკვდილი;

მან მთელი ქვეყნიერება სიცოცხლისაკენ შემოაბრუნა და თითოეულ ჩვენგანს გამოუწოდა ხელი დახმარებისა, რომ ჩვენც შევძლოთ ჩვენს პიროვნულ ცოდვათა დაძლევა, საღვთო მადლის შეძენა და სიკვდილზე გამარჯვების მოპოვება.

მაცხოვარმა ჩვენს ყოფას სხვა აზრი მისცა. მანამდე ნებისმიერი ადამიანი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მიდიოდა, მათ შორის, ძველი აღთქმის წმინდანნიც. აღდგომის დღემ კი გამორჩეული ბრწყინვალება შესძინა ჩვენს ყოველ სათნო სიტყვასა და აზრს, ყოველ კეთილ საქმესა და მოქმედებას, სხვა სიმაღლეზე ავიდა სათნოებანი და ყოველივე ეს ჩვენს საგზლად იქცა ღვთის წინაშე.

ამიტომაც, ქრისტიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც კი იმქვეყნიური მარადიული სიცოცხლის მოლოდინითაა აღსავსე. ესწრაფვის რა სიკვდილის დამარცხებასა და ღმერთთან მარადიულ მყოფობას, ცდილობს, წუთისოფელში დასძლიოს ყოველივე ის, რამაც კაცთა მოდგმაში ხრწნილება დათესა და წუთისოფელი დაამძიმა და დაამახინჯა.

ქრისტიანის ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი. ამ გზაზე ბევრია განსაცდელი, შეცდომა, დაცემაც, მაგრამ თუ არის ჭეშმარიტი რწმენა და მონდომება, სურვილი წინსვლისა და განწმენდისა, გამარჯვება აუცილებლად მიიღწევა.

ამიტომაც ქრისტესთან, მეორე ადამთან, მეორედ შობით (ნათლობით) დაკავშირებული პიროვნება კვლავაც საჭიროებს ცოდვათაგან გათავისუფლებას და სულიერ შეწევნას, რაც ეკლესიაში ხორციელდება.

ტაძარი როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში არის განსაკუთრებული ადგილი ღვთის მყოფობისა, ღვთის მეუფების ქადაგებისა; ქრისტეს ეკლესია კი, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ქრისტეს მისტიური სხეულია; ეს ერთი მთლიანობაა, რომლის თავიც თვით უფალია.

აქ აღსრულებული ყოველი ჟამისწირვა არის წარმოჩენა მაცხოვრის ამქვეყნად შობისა და ცხოვრებისა, ჯვარცმისა და აღდგომისა, ამაღლებისა და მეორედ მოსვლისა; უსისხლოდ ძღვნის შემწირველ მოძღვრებთან ერთად მრევლიც ყოველ ლიტურგიაზე ამ მოვლენების თანაზიარი ხდება და ღმერთთან მიახლების საშუალება ეძლევა, განსაკუთრებით კი, – წმინდა ზიარებით.

ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი ეს უდიდესი საიდუმლო თვით მაცხოვარმა დაგვიდგინა ვნების ხუთშაბათს.

წმინდა ზიარება არის ზეციური საკვები, არა წარმოსახვითი ან სიმბოლური, არამედ ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი ქრისტესი, რომელიც მოგვეცა ჩვენი სულისა და ხორცის განსაკურნებლად.

მისი უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი და სასულიერო პირის წინაშე თავის უძლურებათა დაუფარავად მაღიარებელნი აღივსებიან მადლით, რომელიც უჩვეულოდ ზრდის ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენს გულსა და გონებას და შეეწევა ფიზიკურ ძალებს.

მისი წინა სახე ძველ აღთქმაში იყო ზეციური მანანა.

როგორც ცნობილია, იგი ებრაელთა ერს, ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, რწმენაში განსამტკიცებლად ღვთისგან საკვებად ყოველდღიურად ეძლეოდა; რომ არ ყოფილიყო ზეციური მანანა, 40 წლის მანძილზე ყამირ და მოუსავლიან გზებზე მავალი ამდენი ხალხი ფიზიკურად ვერ გადარჩებოდა.

როგორც მანანას გარეშე რჩეული ერი წმინდა მიწამდე ვერ მიაღწევდა და იქ ვერ დაემკვიდრებოდა, ასევე აღსარებისა და წმინდა ზიარების გარეშე, ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევს და ვერ დაიმკვიდრებს, რადგან ცოდვასა და სიკვდილს მარტო ვერ სძლევს და ვერც მარადიული სიცოცხლის ნეტარებით აღივსება.

ამიტომაც ბრძანებს უფალი: „მე ვარ პური სიცოცხლისა, თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და მოკვდნენ, ხოლო მე ვარ ცოცხალი პური, რომელიც ზეციდან გარდამოვედი… პური რომელსაც მე გავცემ, ჩემი სხეულია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავცემ … ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ, თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში … ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება და მე მასში“ (ინ. 6. 48,58)

ეს საკვირველი სინამდვილე ყოველ წირვაზე აღესრულება და მაცხოვარი, რომელმაც „ერთგზის შესწირა თავი ჩვენთვის… და მარადის დაიკვლის განმწმენდელად მიმღებელთა თვისთა,“ რათა შთაჰბეროს სული ცხოველი ამაღორძინებელი და ზეცასთან დამაკავშირებელი.

იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ მართალთათვის სიკვდილის საკვრელნი აღარ არსებობს. ამ დღეს მაცხოვარმა თავად მოიხილა ჯოჯოხეთი და იქიდან ამოიყვანა ადამი და ევა, ასევე სხვადასხვა დროს გარდაცვლილ ძველაღთქმისეულ მართალთა სულნი და ღვთის საუფლოში დაამკვიდრა ისინი. რაც შეეხება ახალი აღთქმის მართალთ, ანუ ღვთისსათნო ქრისტიანებს, ისინი გარდაცვალებისთანავე სრულიად ახალ, მადლითა და სიხარულით სავსე ცხოვრებას იწყებენ უფლის სავანეებში.

„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ გარდაიცვალება სიკვდილიდან სიცოცხლეში“ (ინ.5,24), – ბრძანებს მაცხოვარი.

თუმცა სრული ნეტარებისთვის და დაცემამდელი მდგომარეობის აღდგენისათვის აუცილებელია სულმა თავისი სხეულიც შეიმოსოს.

ჩვენ ვიცით, რომ „როგორც ქრისტემ აღადგინა თავისი თავი, ასევე აღადგენს ყველა მისიანს“ (I კორინ. 15,23), ოღონდ მეორედ მოსვლის შემდეგ და ეს ჟამი ყველასთვის ერთდროულად დადგება; პირველმშობლების დროიდან მოყოლებული, ვიდრე ქვეყნის აღსრულებამდე მყოფნი ღვთისასთნო სულნი სულიერ სხეულს შეიმოსავენ და სრული სიხარულით ყველა ერთად განიხარებს (ებრ. 11,40); ცოდვილნიც შეიმოსავენ უხრწნელ სხეულს, ოღონდ მარადიული ტანჯვისთვის.ვ ცხოვრებას, ვიძენთ

საყოველთაო აღდგომით, ვიბრუნებთ რა უკვდასრულყოფილ ერთობას ჩვენს ახლობლებთანაც, რომელთანაც სიკვდილმა გაგვყარა, ვიძენთ სრულყოფილ კავშირს ღმერთთან და წმინდანთა დასთან.

ამიტომაც ბრძანებს იესო ქრისტე „ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს (ანუ ზიარებით მადლის მიმღებს) საუკუნო სიცოცხლე აქვს და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს … და ამ პურის მჭამელი უკუნისამდე იცოცხლებს“ (ინ. 6.56,58).

ასეთი ენით გამოუთქმელი საღვთო სიხარული მოგვანიჭა აღდგომის დღემ და იქცა იგი ჩვენთვის დღესასწაულთა დღესასწაულად, ზეიმთა ზეიმად;

ყოველი კვირა დღეც მის სიხარულს ატარებს და ცისკრის ჟამზე მონაცვლეობით იკითხება აღდგომასთან დაკავშირებული 11 ამონარიდი ოთხი სახარებიდან. ამასთან, აღდგომის ზეიმის განსაკუთრებულობა განსაზღვრავს მთელი წლის მოძრავი საეკლესიო   ციკლს.

განახლებისა და გადარჩენის, სიცოცხლისა და სიხარულის, იმედისა და ღმერთთან მშვიდობის მომტან ამ დიდებულ დღეს, რა თქმა უნდა, უფერულდება ის განსაცდელიც, ამჟამად ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო რომ მოუცავს და ყველას ასე აშფოთებს.

უცნაური ვითარება შეიქმნა, ადამიანები, ერთი მხრივ, გაერთიანდნენ სიცოცხლისთვის საშიში საერთო საფრთხის წინააღმდეგ და ამავე დროს, ჩაიკეტნენ თავის ქვეყანაში, თავის ქალაქსა თუ სოფელში, თავის სახლში. მათ დაფიქრების საშულება მიეცათ და აღმოაჩინეს ის რეალობა, რომ აზრი დაკარგა ბევრმა რამემ, რაც გუშინ დიდად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. სამაგიეროდ წინა პლანზე წამოიწია ისეთმა მიმართულებებმა, რასაც ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ამასთან, სახელმწიფოებმა თვითუზრუნველყოფის საჭიროება დაინახეს და სხვაზე დამოკიდებულის მდგომარეობა წამგებიანი გახდა.

ყველა ქვეყნისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, პირველი რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება.

უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა.

ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს, მისით ხარობს და, ამასთან, ცდილობს გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში.

გავიხსენოთ წმ. გრიგოლ პალამას სიტყვები მრევლისადმი: ამის წინ, მრავალი საშიშროება შეგვემთხვა, მერე გაგვასახლეს და თავს დაგვატყდა სენიც, ყველა საშინელებაზე უფრო საშინელი; ქრისტეს მშვიდობით აღვსილნი მაშინაც მხოლოდ ჩვენ ვზეიმობდით ყველასგან დევნილნი… და ტაჯვა-წამების თითოეული ადგილი ჩვენთვის იქცა სადღესასწაულო სივრცედ.

ჩვენი ძმების უმრავლესობა, ზეაღმატებული სიყვარულისა და ძმათმოყვარეობის გამო, თავს არ ზოგავდა, უშიშრად ემსახურებოდა სნეულებს. მრავალი მათგანი, ვინც ავადმყოფებს უვლიდა და სხვებს განამტკიცებდა, თვითონაც დასნეულდა და გარდაიცვალა. ამგვარად ტოვებდნენ მიწიერ ცხოვრებას ჩვენს შორის საუკეთესონი. ღვთისმოსაობისა და რწმენის გამო ასეთი აღსასრული მოწამეობაზე ნაკლები როდია“ (გვ.314-315).

ამგვარი სულისკვეთება ქრისტიანისათვის ახლობელია; თუმცა, რა თქმა უნდა, სიფრთხილეც გვმართებს, რომ არ განვცადოთ უფალი; ამასთან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მისი ნების გარეშე ჩვენი თმის ერთი ღერიც არ დავარდება, მით უმეტეს, ჩვენი სიცოხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია. მთავარია, შევინარჩუნოთ ზომიერება, სულის სიმშვიდე და ღმერთთან სიახლოვის სიხარული. ეს კი ლოცვით და, რაც ყველაზე მთავარია, ღმერთთან სწორი პიროვნული დამოკიდებულებით ანუ რწმენით მიიღწევა.

რწმენა ქვაკუთხედია ჩვენი არსობისა და განსაზღვრავს ჩვენი აზროვნებისა და ცხოვრების წესს. იგი ღვთით უნდა მოგვეცეს და მოგვეცემა კიდეც, თუ მოვინდომებთ და ვიღვაწებთ. შევნიშნავთ იმასაც, რომ არ არის სწორი, მორწმუნე ნაწილმა ურწმუნონი (ან მცირედმორწუნენი) დაადანაშაულოს და პირიქით.

რწმენას უდიდესი ძალა აქვს და სულ სხვა შესაძლებლობებს ავლენს ადამიანში; გავიხსენოთ სახარება, როდესაც გალილეის ზღვაზე იესო გამოეცხადა მოციქულებს, უფლის მოწოდებაზე, მასთან მისულიყო, პეტრეს ისეთი რწმენა დაეუფლა, რომ წყალზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა, მაგრამ როგორც კი ეჭვი შეეპარა თავის შესაძლებლობებში და შეშინდა, მაშინვე დანთქმა დაიწყო, თუმცა, თხოვნის გამო, უფალმა იგი ისევ შეიწყალა და რწმენაში გააძლიერა.

გავიხსენოთ ისიც, განკურნების მთხოვნელს უფალი ეკითხება: სწამს თუ არა, რომ შესაძლებელია იმის აღსრულება ღვთისგან, რასაც ითხოვს და როცა იღებს დადებით პასუხს, დასძენს: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ“. ამიტომაც გვარიგებს მოციქული: „ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ“ (მთ. 21,22).

მთელი წმინდა წერილი რწმენაზეა დაფუძნებული და აქ აღწერილი ამბებიც ურწმუნოებაზე რწმენის გამარჯვებას გვამცნობს, ოღონდ „ქრისტეში ძალა აქვს სიყვარულით მოქმედ რწმენს“ (გალატ.5,6); და მკვდარია რწმენა საქმეთა გარეშე ისევე, როგორც სხეული სულის გარეშე (იაკ. 2,26).

„ჩვენ ღირსებით უნდა ვიდგეთ რწმენაში, სიყვარულსა და მშვიდობაში გონიერებით“ (I ტიმ.2.,15) და ვეცადოთ, შევინარჩუნოთ „სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით“ (ეფეს.4,3); ამასთან არ უნდა შევშინდეთ და „ყველაფერში ავიღოთ სარწმუნოების ფარი, რითაც შევძლებთ ბოროტების გახურებულ ისართა დაშრეტას“ (ეფეს.6,16) „სარწუნოების გარეშე კი შეუძლებელია ღმერთს სათნო ვეყოთ“ (ებრ.11,6)

მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა, არც აღდგომის ღამეს. ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია. ინებოს ღმერთმა, სირთულეები არც შემდგომში შეიქმნას და საქართველოც და მსოფლიოც იხსნას ამ განსაცდელისგან.

არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მრევლს, რომელიც წესრიგის გამორჩეული დაცვით და რეკომენდირებული ნორმებით სიცივეში, ქარში, წვიმაში არ ერიდებოდა მსახურებაზე ღია ცის ქვეშ საათობით დგომას.

აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები.

მინდა ასევე დავლოცო ის მორწმუნენი, ხანდაზმულნი და უძლურებაში მყოფნი, რომელნიც სახლებიდან ჩვენთან ერთად ლოცულობდნენ და ლოცულობენ.

ვლოცავთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას.

ვლოცავთ უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებსა და თანამემაულეთ, იცოდეთ, მანძილის სიდიდე და საზღვრები ჩვენ ვერ დაგვაშორებს, ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, თქვენ ლოცულობთ ჩვენთვის და ჩვენ ერთად ვართ.

ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ასევე ვულოცავთ ბერძნებს, უკრაინელებს, რუსებს, სომხებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, უდინებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩნებს, ლეკებს, ყოველ მკვიდრს საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ.

ვულოცავთ ყველა ქრისტიანს და ქრისტეს ყველა მადიდებელს.

ვიხარებდეთ უფლისა მიმართ და ვიშვებდეთ ერნო, გულის კარი გავუღოთ უფლისმიერ ბედნიერებას და უშიშრად ვიქადოდეთ უძლურნი ძლიერებასა მისსა, მდაბალნი – მის მიერ ამაღლებასა, ჩაგრულნი – სამართალსა, მოკვდავნი – უკვდავებასა.

დღეს ამქვეყნად მყოფნი მორწუნენი და მარადიული ნეტარების მკვიდრნი მართლანი ერთად ვხარობთ და ვმადლობთ დაუსაბამოსა მამასა ღმერთსა, თანადაუსაბამოსა სიტყვასა ძესა და სულსა წმინდასა; ვმადლობთ ყოვლადწმინდასა ღვთისმშობელსა და ვღღადებთ:

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

საქართველო, ძალიან მიყვარხარ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close